„კომენტარის ღირსიც კი არ არის ის, რაც ბერას აბსოლუტურად გულწრფელ ნაბიჯს მოჰყვა“ – ბიძინა ივანიშვილი

„კომენტარის ღირსიც კი არ არის ის, რაც ბერას აბსოლუტურად გულწრფელ ნაბიჯს მოჰყვა“ – ასე პასუხობს ჟურნალ „Entrepreneur“-სთვის მიცემულ ინტერვიუში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ბერას მიერ ამაზონის ტყის დასახმარებლად გაღებულ შემოწირულობასთან დაკავშირებით გარკვეულ წრეებში გამოწვეულ უარყოფით აჟიოტაჟს.

მისი თქმით, ეს ყველაფერი სიკეთისა და ბოროტების მიღმაა და მათ დონეზე დასვლა იქნება, განსაკუთრებული ყურადღება რომ მივაპყროთ მათ არაჯანსაღ რეაქციას.

„თუმცა, ისე გაერთნენ ნეგატივში, რომ გადაწვდნენ თბილისის სტიქიის ლიკვიდაციის თემას, რაშიც ისევ ისე შეირცხვინეს თავი, როგორც ყველაფერ დანარჩენში – ჩვენმა ხალხმა იცის, რა და როგორ იყო. ეს არ იკმარეს და ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის პრობლემა წამოწიეს, თითქოს ყურადღება დავაკელი ამ პრობლემას. სინამდვილეში, ხანძრის შედეგად დაზიანებული ტყის აღდგენის, ანუ ახალი განაშენიანების პროცესში არათუ ჩართვის, მთლიანად საკუთარ თავზე აღების მზაობა პირველი დღეებიდანვე გამოვხატე. თუმცა ამის აფიშირება არ მომიხდენია, რადგან არ არის ეს ჩემი სტილი და ხელწერა“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისი თქმით, სპეციალისტებთან ერთად სამი წლის განმავლობაში აკვირდებოდა, შეძლებდა თუ არა ბუნება საკუთარი ძალებით მორეოდა ხანძრის შედეგებს.

„არის ასეთი მაგარი კაცი – თემურ ტყემალაძე – ჩვენი ბუნების ნამდვილი ამაგდარი, უმაღლესი დონის სპეციალისტი და ჩემი დიდი ხნის მეგობარი. სამი წლის განმავლობაში ერთად ვაკვირდებოდით მე და თემური, რა და როგორ ვითარდებოდა, შეძლებდა თუ არა ბუნება საკუთარი ძალებით მორეოდა ხანძრის შედეგებს. თემური რეგულარულად ახორციელებდა საკონტროლო შემოფრენებს ჩემი ვერტმფრენით. ბოლო შემოფრენის შემდეგ მომახარა, რომ ჩარევა არ იყო საჭირო და ბუნებამ საკუთარი ძალებით დაიწყო აღდგენა” – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ცნობისთვის, ბერა ივანიშვილმა ამაზონის ტყის გადასარჩენად 1.1 მილიონი დოლარი გადარიცხა.

მსგავსი თემები