კომენდანტის საათის დაწყებამდე მთავრობა მოქალაქებს აფრთხილებს

“21:00 საათზე, საქართველოში ამოქმედდება ე.წ. კომენდანტის საათი, რაც ნიშნავს იმას, რომ დღეს, საღამოს 9:00 საათიდან, ხვალ დილის 6:00 საათამდე არის აკრძალული გადაადგილება, როგორც ქვეითად, ასევე სატრანსპორტო საშუალებებით”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი ჩიქოვანის განმარტებით, ეს შეზღუდვა არ ეხება მხოლოდ სატვირთო მანქანებსა და იმ სუბიექტების სატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა საქმიანობაც არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, მაგალითად ისეთი, როგორიც არის პოლიცია, სამხედროები, წინასწარ განსაზღვრული სამედიცინო მანქანები, ზოგიერთი საჯარო მოხელეები და სხვა ამდაგვარი.

„მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო საქართველოს მოქალაქეებს, მკაცრად დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში გამოცხადებული გადაადგილების შეზღუდვა, რომელიც დღეს, საღამოს 9 საათიდან ამოქმედდება და იმოქმედებს დილის 6 საათამდე. ასე იქნება მთელი საგანგებო პერიოდის განმავლობაში. გთხოვთ, რომ დაიცვათ ეს რეჟიმი. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში არის გათვალისწინებული ჯარიმები, რომელიც გულისხმობს  ფიზიკურ პირებზე 3 000 ლარიან ჯარიმას, ხოლო იურიდიულ პირებზე  15 000 ლარიან ჯარიმას. ჩვენი მოწოდებაა, ყველამ დავიცვათ ის შეზღუდვები, რომელიც ძალაში შედის, დღეს 21:00 საათიდან“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მსგავსი თემები