“კოვიდ 19” ორგანიზმის ყველა უჯრედს ანეკროზებს, ყველაფერს ანადგურებს და ადამიანი უცებ მძიმდება

„გგონია, რომ პაციენტი კონტაქტურია, ადეკვატურია და სასიცოცხლო პარამეტრს იჭერს, მაგრამ დგება მომენტი და პაციენტი აღარ არის“ – მედიკოსები მოსახლეობას დაწვრილებით განუმარტავენ „კოვიდ 19“-ის ვერაგობას და უხსნიან, რომ თუ მან ადამიანის ორგანიზმში შეაღწია, ყველაფერს ანადგურებს ყველა ორგანოსა და უჯრედს ანეკროზებს და ამ მდგომარეობიდან გამოსვლა თითქმის შეუძლებელია.

როგორც პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი განმარტავს, მის კლინიკაშიც და ზოგადად, პაციენტების მდგომარეობა უცებ, მოულოდნელად რადიკალურად მძიმდება.

„პაციენტები თვალსა და ხელს შუა მძიმდებიან და იცით, ეს ექიმისთვის რა მძიმე საყურებელია. „კოვიდ 19“ არის ვირუსი, რომელმაც ახლახან დაიწყო ბობოქრობა და მას ახასიათებს ერთი რამ – დააზიანოს ყველაფერი. როცა ის ჩვენს ორგანიზმში, ცოცხალ სისტემაში იჭრება, ყველაფერს აკეთებს, რათა ყველა უჯრედი დაანეკროზოს. ამიტომაა, კლასიკური სუნთქვის უკმარისობა რომ არ მიდის და მიდის ფილტვის მწვავე დაზიანების სინდრომი და გულის მწვავე დაზიანების სინდრომი.

გგონია, რომ პაციენტი კონტაქტურია, ადეკვატურია და სასიცოცხლო პარამეტრს იჭერს, მაგრამ დგება მომენტი და პაციენტი აღარ არის. პაციენტი, რომელიც გეკონტაქტება, რამდენიმე საათში ტერმინალური ხდება. ეს ჩვენ თვალწინ ხდება, ხალხო და გთხოვთ, ფიზიკურად დავცილდეთ ერთმანეთს“, – აღნიშნა რატიანმა „მოამბეში“.

მისი თქმით, „კოვიდ 19“-ის შემთხვევაში სუნთქვის უკმარისობა აბსოლუტურად განსხვავებული კლინიკით მიდის.

მისივე თქმით, პაციენტები განსხვავებულად მძიმდებიან. ისინი საერთოდ ვერ გრძნობენ, რომ სუნთქვა უჭირთ, სანამ ტერმინალურ მდგომარეობამდე არ მივლენ. „იმისთვის, რომ ეს უთოფო ომი მოვიგოთ და გადავრჩეთ, ერთმანეთს ფიზიკურად უნდა დავცილდეთ“ – აცხადებს ექიმი.

მსგავსი თემები