„კოვიდ-19“-ის მეორე ტალღა შესაძლოა, სხვა ინფექციური დაავადებების ეპიდემიებს დაემთხვეს” – ჯანმოს რეგიონალური დირექტორი

“შემოდგომით, ჩვენ შესაძლოა, „კოვიდ-19“-ის მეორე ტალღა, სეზონური გრიპისა და წითუას კიდევ ერთი ტალღა ვიხილოთ”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ექიმმა ჰანს კლუგემ განაცხადა.

მისი თქმით, ევროპული ქვეყნები უნდა მოემზადონ კორონავირუსის მეორე მომაკვდინებელი ტალღისთვის, რადგან „კოვდ-19“-ის პანდემია დასრულებული არ არის. 

„სინგაპურმა და იაპონიამ დასაწყისშივე გააცნობიერეს, რომ ახლა არა ზეიმის, არამედ მზადების დროა. სწორედ ამას აკეთებენ სკანდინავიური ქვეყნები – ისინი არ გამორიცხავენ მეორე ტალღას, თუმცა იმედოვნებენ, რომ მის ლოკალიზებას და სწრაფად გადალახვას შეძლებენ“, – განაცხადა კლუგემ.

როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ინტერვიუში განაცხადა, „კოვიდ-19“-ის მეორე ტალღა შესაძლოა, სხვა ინფექციური დაავადებების ეპიდემიებს დაემთხვეს.

„ძალიან შეშფოთებული ვარ მეორე ტალღის გამო – შემოდგომით, ჩვენ შესაძლოა, „კოვიდ-19“-ის მეორე ტალღა და სეზონური გრიპისა და წითურის კიდევ ერთი ტალღა ვიხილოთ. ორი წლის წინ ჩვენ გვყავდა 500 ათასი ბავშვი, რომლებსაც წითურის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა არ ჰქონდათ გაკეთებული“, – აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა.

ექიმ კლუგეს თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო მკურნალობის ან ვაქცინის არარსებობა ნიშნავს, რომ შეზღუდვების ნებისმიერი მოხსნა უნდა მოხდეს სიფრთხილით და ეტაპობრივად. 

„ჩვენ ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ჯანდაცვა ეკონომიკური კეთილდღეობის მამოძრავებელი ძალაა, თუმცა სინამდვილეში, სადაც არ არის ჯანმრთელობა, არ არის ეკონომიკა“, – აღნიშნა ჰანს კლუგემ.

მსგავსი თემები