ლორა სმიტის გაუპატიურების ნაწილში კობაურს ბრალი არ აქვს წარდგენილი – ადვოკატი 

ხადას ხეობაში ამერიკელი ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მწყემს მალხაზ კობაურის ადვოკატები აცხადებენ, რომ კობაურს ლორა სმიტის ნაწილში ბრალი არ აქვს წარდგენილი და პროკურატურა მხოლოდ, რაიან სმიტის და შვილის მკვლელობის ნაწილში ედავება.

როგორც მალხაზ კობაურის ადვოკატებმა “მედიაცენტრ მთავარში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, ბრალდებულის ჩვენების გარდა სხვა არანაირი მტკიცებულებით არ დასტურდება მისი დანაშაული, დაუსაბუთებელია მკვლელობის ბრალდება, შესაბამისად მისი პატიმრობაში დატოვება უკანონოა.

“​ პირველი უკანონობა, ის იყო, რომ სასამართლოს მხრიდან განხორციელდა თვითნებობა პროცესის დახურვასთან დაკავშირებით. ეს არც დაცვის მხარეს და არც ბრალდებას არ მოუთხოვია. ასეთი შუამდგომლობა არსებობდა პირველ პროცესზე, როდესაც დაცვის მხარის სახაზინო ადვოკატებმა დააყენეს შუამდგომლობა, მაგრამ მაშინ სასამართლო სხდომა არ დაიხურა. როდესაც მხარის შუამდგომლობა არსებობდა, იგივე სასამართლოში სხვა მოსამართლემ თავისი ინიციატივით განიხილა ეს საკითხი და დაიხურა სხდომა მაშინ, როდესაც ამის საფუძველი არ არსებობდა”, – აცხადებს ბრალდებულის ადვოკატი ვასილ მამულაშვილი.

მისივე თქმით, სხდომის დახურვის გამო, სამწუხაროდ საზოგადოებამ ვერ იხილა იმ პროცესის განვითარება, რომელიც აშკარა წინააღმდეგობაში მოდიოდა საბოლოო შედეგთან. ბრალდების მხარის პოზიცია იყო  დაუსაბუთებელი და მათ დაცვის მხარის კითხვებზე სრულყოფილი პასუხი ვერ გასცეს.

” ჩვენ 10-15 შეკითხვა გვქონდა ბრალდების მხარესთან, რაში მდგომარეობდა მინიმალური დასაბუთებული სტანდარტი, რომ გამოყენებული ყოფილიყო აღმკვეთი ღონისძიება. მიგვითითეს მხოლოდ ერთ მტკიცებულებაზე, თავად კობაურის პირველ ჩვენებაზე, რომელიც ბრალდებულმა შემდგომ უარყო. შესაბმისად, გამოძიებას გამოეცალა საფუძველი ის პატიმრობაში დატოვოს. ​ბრალდებას არ გააჩნია არც ერთ კითხვაზე პასუხი”, – აცხადებს ვასილ მამულაშვილი.

აღსანიშნავია, რომ 2 დღის წინ გამართულ სასამართლო პროცესზე, დაცვის მხარის შუამდგომლობის მიუხედავად, მოსამართლემ სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის, მალხაზ კობაურის პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

მსგავსი თემები