კლუბ „ბასიანის“ თანამშრომლებზე თავდასხმაში ბრალდებულს ბრალი დაუმძიმდა

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, კლუბ „ბასიანის“ თანამშრომლებზე თავდასხმაში ბრალდებულს ბრალი დაუმძიმდა. 

„2020 წლის 12 იანვარს კლუბ „ბასიანის“ თანამშრომლებზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებული არაერთი საგამოძიებო მოქმედების და  დამატებით მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე ბ.ჩ.-ს დაუზუსტდა ბრალდება და მას წარედგინა ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ხულიგნური ქვენა გრძნობით, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“, მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით.

ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა. საქმეზე გამოძიება გრძელდება.“, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში. 

შსს-ს ინფორმაციით, ბიძინა ჩაჩხიანმა 12 იანვარს კლუბ „ბასიანის“ შესასვლელთან ცეცხლსასროლი იარაღიდან 15-ჯერ გაისროლა, სამი ადამიანი დაჭრა და ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბიძინა ჩაჩხიანი ცხელ კვალზე სახლთან დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 14 იანვარს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გამოძიება დაკავებულს თავდაპირველად სსკ-ის 117-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“, მეხუთე ნაწილის „გ“, მეშვიდე ნაწილის „ა“ და 239-ე მუხლის მესამე ნაწილით ედავებოდა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ხულიგნობას გულისხმობს.

მსგავსი თემები