კიწმარიშვილი „რუსთავი 2“-ის ქონებაზე ყადაღის დადებას დაჩქარებული წესით ითხოვს

„რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ეროსი კიწმარიშვილის მეუღლე, ია კიწმარიშვილი სასამართლოსგან ტელეკომპანიის ქონებაზე ყადაღის დადებას დაჩქარებული წესით ითხოვს, რადგან ამით, მისი თქმით, თავიდან იქნება აცილებული თაღლითობის მცდელობის ფაქტი. 

კიწმარიშვილის განმარტებით, სასამართლო დავის დასრულებამდე ქიბარ ხალვაშის მიერ, ტელეკომპანიის გაყიდვა მის უფლებებს დაარღვევს და უკვე მეორედ დააზარალებს.

კიწმარიშვილი პოტენციურ მყიდველებს მოუწოდებს, ნუ ენდობიან საეჭვო რეპუტაციის მქონე გარიგების პირობებს.

„მივმართავ სასამართლოს, უმოკლეს ვადაში განიხილოს და დააკმაყოფილოს ჩემი მოთხოვნა, რადგან თავიდან იქნეს აცილებული სახეზე არსებული თაღლითობის მცდელობის ფაქტი. შეგახსენებთ, რომ ქიბარ ხალვაშის განცხადების შემდეგ, ცნობილი გახდა ის, რომ მიმდინარეობს კომპანიის დაჩქარებული წესით გასხვისების პროცესი და დასახელდა ერთკვირიანი ვადა, რომლის განმავლობაშიც უნდა მოხდეს კომპანიის სხვა პირებისთვის სარგებლის მიღების მიზნით გადაცემა. მიმაჩნია, რომ აღნიშნული ფაქტი ან სრულიად მოსპობს ან სულ მცირე, ძალიან გაართულებს ჩემთვის ობიექტური დავის წარმოებასა და ჭეშმარიტების დადგენის შესაძლებლობას, რაც ერთმნიშვნელოვნად გამოიწვევს ჩემი, როგორც მესაკუთრისა და მოქალაქის უფლებების დარღვევას და ამ საკითხთან მიმართებაში უკვე მეორედ დაზარალებას.

მაქვს გონივრული საფუძველი ვივარაუდო, რომ მეორდება იგივე სქემა, რაც „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ ერთხელ უკვე განხორციელდა ქიბარ ხალვაშის მონაწილეობით, წინა ხელისუფლების დროს, როცა მან დამფუძნებლებისგან მოჩვენებითი გარიგებებისა და ხელისუფლების მხრიდან არსებული ზეწოლის შედეგად, თაღლითურად მიითვისა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი წილები და შემდეგ ეს წილები უმოკლეს ვადაში გაასხვისა საეჭვო ვითარებაში. მაშინდელი ხელისუფლება იმედოვნებდა, რომ ამ ქმედებით ისინი შეძლებდნენ ე.წ „კეთილსინდისიერ” მყიდველად გაესაღებინათ მომდევნო მფლობელები, თუმცა წლების შემდეგ ამ თვალთმაქცური გარიგებების მთავარმა გმირმა ქიბარ ხალვაშმა, თავადვე მიმართა სასამართლოს და მომდევნო მყიდველები ზეწოლასა და თაღლითობაში დაადანაშაულა, რის შედეგადაც დღევანდელმა სასამართლომ ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ გადაწყვიტა აღნიშნული დავა, ყველა მომდევნო მყიდველი არაკეთილსინდისიერებად ცნო და „რუსთავი 2“ ისევ ქიბარ ხალვაშს დაუბრუნა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ შევახსენებ ყველა პოტენციურ მყიდველს, რომ ერთი ერთში მეორდება 2004 წელს „რუსთავი 2“-ის დაუფლებისა და სხვისი ქონებით უკანონოდ გამდიდრების მცდელობის მიზნით, ერთხელ უკვე გამოყენებული თაღლითური სქემა ქიბარ ხალვაშის მონაწილეობითა და შესრულებით.

მათ ვურჩევ გაითვალისწინონ, რომ ამ სქემამ ერთხელ უკვე დააზარალა კომპანიის დამფუძნებლები (კიწმარიშვილი, დვალი და აქიმიძე). ყველა მომდევნო მფლობელს მოვუწოდებ, ნუ ჩაიგდებენ თავს საფრთხეში, ნუ გაიმეორებენ წინამორბედების შეცდომებს, ნუ ენდობიან საეჭვო რეპუტაციის მქონე გარიგების პირობებსა და ნუ დაეუფლებიან სადავო ქონებას,” – ნათქვამია ია კიწმარიშვილის განცხადებაში.

მსგავსი თემები