კინოთეატრ “ამირანთან” მიმდინარე აქციაზე დაკავებულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა

თბილისში დღეს დაგეგმილ​ი ყველა კინოჩვენება დაანონსებულ დროს დაიწყო და მიმდინარეობს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

უწყების ცნობით, სეანსების პარალელურად, კინოდარბაზების მიმდებარე ტერიტორიაზე საჭირო რაოდენობის საპოლიციო ძალებია მობილიზებული

„ფილმის ჩვენების ჩაშლის მიზნით ​თბილისში, მერაბ კოსტავას გამზირზე შეკრებილი მოქალაქეების მხრიდან რამდენიმე ინციდენტი მოხდა. პოლიციამ კინოთეატრ „ამირანის” მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ სამართალდარღვევის ფაქტებზე, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 11 პირი დააკავა.

რაც შეეხება მოქალაქე ანა სუბელიანზე თავდასხმის ფაქტს, სამართალდამცველებმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. აღნიშნულ ინციდენტში მონაწილე ერთი პირი პოლიციამ უკვე დააკავა, მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით რჩებიან ადგილებზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, პოლიცია მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, დაიცვან კანონის მოთხოვნები. უწყება აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდარღვევის თითოეულ ფაქტზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს და კანონდარღვევის ყველა ფაქტს პოლიციის მხრიდან მოჰყვება უმკაცრესი ზომები.

თბილისში, კოსტავას გამზირზე მდებარე კინოთეატრ „ამირანში“, ასევე სხვა კინოთეატრებში ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) პრემიერმა იმართება.

მსგავსი თემები