კენკროვანი იმპორტირებული ნერგის შეძენა, ადგილობრივი კომპანიებისგან იქნება შესაძლებელი

სახელმწიფო პროგრამაში „დანერგე მომავალი“ შესული ცვლილებების თანახმად, კენკროვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტის ფარგლებში, პროგრამის ბენეფიციარებს იმპორტირებული ნერგის შეძენა  ადგილობრივი კომპანიებისგან შეეძლებათ. 

როგორც საქართელოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, ნერგების იმპორტი განხორციელდება შუამავალი კომპანიის მიერ, რომელიც მოახდენს შეკვეთების კონსოლიდაციას და უცხოურ სანერგე კომპანიისაგან განახორცილებს მინიმალური კრიტიკული რაოდენობის ნერგების იმპორტს.

უწყების ცნობით, ბენეფიციარებისთვის სავალდებულო აღარ არის ნერგების პირდაპირი იმპორტის გზით შეძენა.

“აღნიშნული ცვლილება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ბენეფიციარები მრავალწლიანი ბაღების გასაშენებლად ნერგების შეძენას პირდაპირი იმპორტის გზით ვერ ახერხებდნენ – მცირე რაოდენობის პროდუქციის რეალიზაციაზე უცხოური სანერგე მეურნეობები დაინტერესებას არ გამოხატავენ. პროგრამის მიზანია, მრავალწლოვანი კულტურების გაშენების გზით, საქართველოში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტიანი გამოყენება. შედეგად მოხდება იმპორტირებული პროდუქციის ქართული პროდუქციით ჩანაცვლება, გაიზრდება ექსპორტი, გაადვილდება გადამმუშავებელი საწარმოების ნედლეულით უზრუნველყოფა და გაუმჯობესდება სოფლად მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა,” – აცხადებენ სამინისტროში. 

პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, ხეხილის ახალი ბაღები 7,799 ჰექტარზეა გაშენებული; სახელმწიფო დაფინანსების მოცულობა 43,151,000 ლარს შეადგენს.

მსგავსი თემები