კახეთში, 145 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა

25 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში  145 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ყურძნის გადამუშავების დღეღამური მაჩვენებელი 10-12 ათასი ტონის ფარგლებშია.

გადამუშავებული ყურძნიდან 92 ათასი ტონა რქაწითელია, რომლის 72 % სს „აკურამ“ სახელმწიფოს მიერ აღებული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში შეისყიდა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი რთველის მიმდინარეობის  პროცესს კახეთში გაეცნო.

„რთველი პიკურ ფაზაშია; შესაბამისად, გაზრდილია ყურძნით დატვირთული მანქანების  ნაკადი. ყურძნის ჩაბარების პროცესი ორგანიზებულად და შეუფერხებლად მიდის. უმნიშვნელოვანესია, კერძო სექტორის ჩართულობა და პასუხისმგებლობა, რათა რთველი, ბოლო წლების მსგავსად, წარმატებული იყოს“, – აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა. 

ამ ეტაპზე რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია ღვინის მწარმოებელი 300-მდე კომპანია. დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 1501.

მსგავსი თემები