კახეთის რეგიონში, ჭარბ ყურძნის მოსავალს ელოდებიან, რამაც შესაძლოა, ყურძენზე მოთხოვნა შეამციროს

„სახელწმიფო ყველაფერს აკეთებს, რომ როგორც მწარმოებლებს, ისე მევენახეებს მოსავლის რეალიზაციის პრობლემები არ შეექმნათ“ – აცხადებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, რომელმაც რთველის საორგანიზაციო საკითხები ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განიხილა.

„წლიდან წლამდე, რთველის მასშტაბი იზრდება. შარშან რეკორდული მოსავალი გვქონდა და წელს, კიდევ უფრო მეტს ველოდებით. პარალელურად, გაზრდილია როგორც გამოწვევები საორგანიზაციო კუთხით,  ასევე სამინისტროს გამოცდილება და შესაძლებლობებიც.  გასულ წელს, რთველის პროცესში ჩართული იყო 200-ზე მეტი კომპანია, რომელიც ორგანიზებულად იბარებდა ყურძენს. ჩვენ ველოდებით, რომ მიმდინარე წელს კიდევ უფრო მეტი ოპერატორი, კომპანია ჩაერთვება რთველში. ეს ნიშნავს, რომ ღვინის ინდუსტრია ერთიანად ვითარდება, ასევე იზრდება ღვინის ექსპორტიც. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, იმისთვის, რომ  მიუხედავად გარკვეული გამოწვევებისა, 2019 წლის რთველმა  წარმატებით ჩაიაროს და ისევე როგორ როგოც წინა წლებში, არცერთ მევენახეს ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩეს“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ყურძნის კრეფა, ტრადიციულად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან დაიწყება. კახეთის დანარჩენი მუნიციპალიტეტები რთველის პროცესში ეტაპობრივად, ყურძნის საჭირო კონდიციაში შესვლისთანავე ჩაერთვებიან.  

ღვინის მწარმოებელ კომპანიებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ როგორც საკოორდინაციო შტაბში, ისე ონლაინ-რეჟიმში.

ღვინის ეროვნული სააგენტო რთველის პროცესში ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფისა  და მოსავლის აღრიცხვიანობის კუთხითაა ჩართული.  საკოორდინაციო შტაბს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა ხელმძღვანელობს.

უნდა აღინიშნოს, რომ წელს კახეთის რეგიონში ჭარბ, 250 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან, რამაც, შესაძლოა, თავისუფალ ბაზარზე ყურძენზე, განსაკუთრებით კი, თეთრ ყურძენზე მეწარმეების მხრიდან მოთხოვნის შემცირება გამოიწვიოს.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” სამინისტროში განუმარტეს, არსებული მოცემულობის დადგომის შემთხვევაში, ღვინის ეროვნული სააგენტო მობილიზებულია, რომ მევენახეებს ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ შეექმნათ და მოსავალი დაუბინავებელი  არ დარჩეს.

მსგავსი თემები