კატასტროფა მოხდა იმიტომ, რომ გაჩეხილია ტყე – თეიმურაზ კანდელაკი სვანეთის მეწყერის მიზეზებზე

საქართველოს აგრალური უნივერსიტეტის პროფესორი, მეტყევე თეიმურაზ კანდელაკი აცხადებს, რომ ქვეყანაში დღეს ტყეების განადგურების რამდენიმე ფაქტორი არსებობს, მათ შორის, უნებართვოს ჭრა, დაავადებები, ხანძრები, არ მუშაობს ტყის აღდგენის პროგრამები, საქონლის ძოვება, შეშა და სხვა.

მისივე თქმით, ჰესების ასაშენებლად ხეების მოჭრა არ გამოიწვევს მეწყერულ პროცესებს, პრობლემის მასშტაბი გაცილებით დიდია. უკონტროლო ჭრის გამო იჭრება ნიადაგის დამცველი ფუნქციის მქონე ტყეები.

როგორც თეიმურაზ კანდელაკმა მედიაცენტრ “მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა, ​საქართველოში ტყეებს დაკარგული აქვს თავისი ფუნქცია, სასწრაფოდ შესამუშავებელია სწორი სტრატეგია, ამ პროცესში უნდა ჩერთონ მეტყევეები, რომლებიც არ არიან დღეს სათანადოდ წარმოდგენილნი.

“სვანეთი ტყის გარეშე წარმოუდგენელია, ბუნება ვეღარ უძლებს ასეთ ჩარევას. საქართველოში ტყეებს 3 მლნ ჰექტარი ტერიტორია უკავია, აქედან ერთ მილიონ 600 ათას ჰექტარს ნიადაგის დაცვის ფუნქცია აქვს. ტყეთა სიხშირე იზომება ერთი ერთეულით, ჩვენთან არის 0,6 – 0,8 სიხშირე. ხეთა დგომის პირობებში ნიადაგი 10-ჯერ მეტ ნალექს ინარჩუნებს, ვიდრე უტყეო ადგილი, ტყე იწოვს წყალს და ინახავს.  უტყეო ადგილები კი ატარებს ამ წყალს, რაც იწვევს კატასტროფას”, – აცხადებს თეიმურაზ კანდელაკი.

​მისივე ინფორმაციით, 2016 წელს საქართველოში 538 ჰექტარი ფართობის ტყეა განადგურებული. 270-300 ჰექტარი არის სვანეთში ტყიდან ამორიცხული, იქ ტყე აღარ არსებობს.

“დასაშვებზე მეტი ხე იჭრება და არაფერი ირგვება. სფეროს ​​​მეტი დაფინანსება სჭირდება. სატყეო სფეროში ძალიან ბევრი გრანტები შემოდის, მაგრამ სატყეო სექტორს წინსვლის არაფერი ეტყობა.  როდესაც ჭუბერში მოხდა წყალდიდობა, ქვეყნის პრემიერმა ეს დაუკავშირა ტყეების გაჩეხვას, ეს იყო ჩემთვის აღმოჩენა, აქამდე ყველა ხელისუფლება ერიდებოდა ამის თქმას, ეს ითქვა სწორად და დროულად”, – აცხადებს კანდელაკი.

 

მსგავსი თემები