„კარგად ვაცნობიერებთ, რომ ეს შეზღუდვა, რეგულაციები არ არის კომფორტული, თუმცა ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ გავრისკოთ ჩვენი საზოგადოების სიცოცხლე და ჯანმრთელობა“ – ანრი ოხანაშვილი

კარგად ვაცნობიერებთ, რომ ეს შეზღუდვა, რეგულაციები არ არის კომფორტული, თუმცა ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ გავრისკოთ ჩვენი საზოგადოების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ამიტომ, მე მჯერა, რომ ყველა ჯგუფი მიიღებს მონაწილეობას მის განხილვაში, ხოლო დაჩქარებული იმიტომ არის, რომ ეფექტიანად გავუმკლავდეთ ჩვენ ამ ვირუსთან ბრძოლას, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის მიმდინარე კვირაში დაჩქარებული წესით განხილვის საკითხს.

„ჩვენ ძალიან კარგად ვაცნობიერებთ, და ჩვენი საზოგადება ამას ძალიან კარგად ხვდება, რომ  პანდემიასთან ბრძოლა არაა დასრულებული, გადავედით კორონავირუსთან ბრძოლის ახალ ეტაპზე და ჩვენ გვიწევს ყოველ ჯერზე ადაპტირება ამ ვირუსთან ბრძოლაში. ეს არის გამოწვევა ეს არის წამყვანი, ძლიერი სახელმწიფოების გამოწვევა და ისევე როგორც მთელი მსოფლიო, ჩვენც იძულებული ვართ ყოველ ჯერზე მოვარგოთ რეგულაციები კორონავირუსთან ბრძოლის ახალ სტრატეგიას. სწორედ ამას ემსახურება ის რეგულაციებიც, რომელიც არის წარმოდგენილი“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ და მადლობა გადაუხადა საზოგადოებას იმ სოლიდარობისა და მხარდაჭერისათვის, რომელსაც ისინი იჩენენ  პანდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით. მისი განცხადებით,  ასევე განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ყველა იმ ადამიანს, ვისაც წვლილი შეაქვს პანდემიასთან ბრძოლაში.

ანრი ოხანაშვილმა კოლეგებს კიდევ ერთხელ შეახსენა საქართველოს წარმატებები კორონავირუსთან ბრძოლაში და ის,  რომ ეს  ფაქტი არაერთმა სახელმწიფოს ლიდერმა და საერთაშორისო ორგანიზაციამ ასევე არაერთგზის აღნიშნა.

„ეს ნამდვილად გვაძლევს სტიმულს, რომ კიდევ უფრო აქტიურად ვიმუშაოთ ამ მიმართულებით. სტატისტიკური მონაცემებიც ამ ყველაფერზე მიუთითებს. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ვალდებულება ჩვენი საზოგადოების წინაშე, იმ ადამიანების წინაშე ვინც იცავდნენ და იცავენ ამ წესებს, რომ იმ ადამიანების მიმართ, ვინც უგულებელყოფენ სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ჩვენ მოვახდინოთ შესაბამისი რეაგირება. ჩვენი თვითმიზანი არ არის ვინმეს დასჯა, ჩვენი თვითმიზანი არ არის ვინმეს სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება, პირიქით, ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა, ვიზრუნოთ მთელმა ქართული ოცნების გუნდმა, ხელისუფლებამ, რომ ხელი შევუწყოთ ეკონომიკურ აქტივობას, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ბიზნესის წარმოებას, სამუშაო ადგილების შენარჩუნებას, ჩვენ ამ მიმართულებით ვმუშაობთ და დარწმუნებული ვარ ჩვენი საზოგადოება ამ ყველაფერს ხედვას და  შედეგებიც იქნება სახეზე“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია სახელმწიფომ დაიცვას ჩვენი საზოგადოება იმ ადამიანებისგან, ვინც უგულებელყოფენ წესებს და უგულებელყოფენ სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას და იმედი გამოთქვა, საზოგადოება  ერთიანი იქნება ამ საკითხში და შინაგან საქმეთა  სამინისტროს და შესაბამის ორგანოებს, არ მოუწევთ მასობრივად ჯარიმების გამოწერა.

მისივე თქმით, ტყუილი და სპეკულაციაა, თითქოს  ვინმე აიძულებს ადამიანებს ქუჩაში გადაადგილების დროსაც კი პირბადე ეკეთოს.

„ეს არის ტყუილი და სპეკულაცია. ასეთი რეგულაცია არ არის შემოთავაზებული, შესაბამისად, ღია  სივრცეში გადაადგილება არ მოითხოვს პირბადის ტარებას. პირბადის ტარება ჩვენ გვჭირდება ისეთ სივრცეებში, სადაც არის მჭიდრო კონტაქტები, სადაც არის რისკი ამ დაავადების გავრცელების – ეს არის დახურული საჯარო სივრცეები, სადაც სერვისებს ვიღებთ, სადაც გარკვეულ მომსახურებას ვიღებთ, სადაც სავაჭრო საქმიანობას ვახორციელებთ, შესაბამისად, აქ არის სავალდებულო ყველას მხრიდან პირბადის ტარება. აქაც პირველადი ვერსი გვქონდა ჯარიმა 50 ლარი, ჩვენმა გუნდმა, ქართული ოცნების გუნდმა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უნდა იყოს 20-ლარიანი ფულადი ჯარიმა, რათა ეს იყოს რაციონალური და მძიმე ტვირთად არ დააწვეს ჩვენს საზოგადოებას.  მეორე საკითხი, რასაც მსურს შევეხო, საზოგადოებრივი ტრანსპორტით და ტაქსით გადაადგილების დროს, როგორც მძღოლი, ასევე მგზავრი არის ვალდებული ატაროს პირბადე და აქაც თუ მოხდება ამ წესების უგულებელყოფა, გათვალისწინებულია 20-ლარიანი ჯარიმა. კარგად ვაცნობიერებთ, რომ ეს შეზღუდვა, რეგულაციები არ არის კომფორტული, თუმცა ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ გავრისკოთ ჩვენი საზოგადოების სიცოცხლე და ჯანმრთელობა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მსგავსი თემები