“კარგად გვესმის ყველა გამოწვევა, რომელიც ქვეყანას აწუხებს” – ირაკლი ღარიბაშვილი ხულოში მერობის კანდიდატის წარდგენაზე

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ხულოს მერობის კანდიდატი ვახტანგ ბერიძე წარადგინა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობამ, ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ბევრი საქმე გააკეთა,თუმცა ქვეყნის გამოწვევად მაინც რჩება სიღარიბე, უმუშევრობა, დასაქმების პრობლემა ახალგაზრდებისთვის.

მისი თქმით, მერობის კანდიდატი, ვახტანგ ბერიძე მეტად გააუმჯობესებს სიტუაციას და დაეხმარება მოსახლეობას.

“წარმოგიდგენთ ძალიან ღირსეულ კანდიდატს, ბატონ ვახტანგ ბერიძეს. მე მქონდა შესაძლებლობა გავსაუბრებოდი მოსახლეობას. ვუყურებ რა ამ ადამიანებს თვალებში, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ მთავრობას გვაქვს სრული ვალდებულება და ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ თქვენ ერთგულად გემსახურებით. მინდა ყველას მოთმინებისთვის გულწრფელად მადლობა გადაგიხადოთ. ჩვენმა მთავრობამ, რაც ხელისუფლებაში მოვედით, ბევრი საქმე გააკეთა, ყველა მიმართულებით გვაქვს პროგრესი, მაგრამ რა თქმა უნდა იყო შეცდომებიც. ამ შეცდომებს ჩვენს ვხედავთ და ეს არის დღევანდელი მაგალითიც, რომ დღევანდელი კანდიდატის ჩანაცვლებით ანუ ვახტანგ ბერიძის ჩანაცვლებით, ჩვენ გავაუმჯობესებთ სიტუაციას, უფრო მეტად დაგეხმარებით. კარგად გვესმის ყველა ის გამოწვევა, რომელიც ჩვენს ქვეყანას აწუხებს: სიღარიბე, უმუშევრობა, დასაქმების პრობლემა ახალგაზრდებისთვის, მეტი ჩართულობა თქვენი. გპირდებით, ჩვენი პარტიის ხელმძღვანელის ლიდერობით, ჩვენი გუნდი გპირდებით, რომ ამ პრობლემებს სწრაფად და რაც მთავარია ხარისხიანად გამოვასწორებთ,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თავად მერობის კანდიდატი ვახტანგ ბერიძე პირობას იძლევა, რომ ხალხის გასაჭირი მისი გასაჭირი იქნება: „თქვენი სიყვარული და მხარდაჭერა მმატებს ძალას, რომ დაუღალავად ვემსახურო ხულოს! მე გპირდებით, ყოველი თქვენი გასაჭირი იქნება ჩემი გასაჭირი. ჩემთვის არ იქნება ღამე და დღე, ჩემთვის არ იქნება სამუშაო საათები, ზუსტად იქ ვიქნები, სადაც თქვენ იქნებით. მე მოვალ ყველა სოფელში, ყველა ოჯახში და თითოეული თქვენგანის გასაჭირი, თოთოეული თქვენგანის გადასაჭრელი პრობლემა – იქნება როგორც ჩემი საკუთარი პრობლემა და თქვენთან ერთად ვიმუშავებ“.

მსგავსი თემები