კარანტინის წესის დამრღვევები 3 000-დან 15 000 ლარამდე დაჯარიმდებიან

საკარანტინო წესის დარღვევა ადმინისტრაციული წესითა და ასევე, სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედება ხდება. კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

კანონპროექტის მიხედვით, კარანტინის წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით; იურიდიული პირის (მაგალითად კომპანიის, რომელიც კარანტინში მყოფ თანამშრომელს სამსახურში მისვლას აიძულებს) დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით. ამ შემთხვევაში კარანტინი ნიშნავს თვითიზოლაციასაც.

ასევე, კანონპროექტით გათვალისწინებული წესის დარღვევის შემთხვევაში, ადმინისტრაციული ოქმის შემდგენი პირი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამოსილ პირთან ერთად, უფლებამოსილი იქნება, სხვათა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად, შესაბამის ადმინისტრაციულ სახდელთან ერთად, როგორც პრევენციული ღონისძიება, გამოიყენოს დამრღვევი ფიზიკური პირის საკარანტინო სივრცეში მოსათავსებლად გადაყვანა.

რაც შეეხება “სისხლის სამართლის კოდექსში” განსახორციელებელ ცვლილებებს, კანონის პროექტის მიხედვით, თუ კარანტინის წესს დაარღვევს ადამიანი, რომელსაც ამავე ქმედების გამო უკვე შეფარდებული აქვს ადმინისტრაციული სახდელი ან ამ ქმედებისთვის ნასამართლევია, მაშინ მას მიესჯება შინაპატიმრობა 6 თვიდან 1 წლამდე ვადით.

მსგავსი თემები