საქართველო და უკრაინა “კანონიერი ქურდების” წინააღმდეგ ერთიანდება

საქართველო და უკრაინა ორგანიზებული დანაშაულის, კერძოდ, ე.წ. „კანონიერი ქურდების“ წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში ითანამშრომლებენ და ერთობლივ ღონისძიებებს გაატარებენ. შეიქნება სახელმწიფოთაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომლის წევრებიც კოორდინაციას გაუწევენ ორგანიზებულ დანაშაულთან და „კანონიერ ქურდებთან“ ბრძოლას.

უკრაინაში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს შს მინისტრი გიორგი გახარია თავის უკრაინელ კოლეგა არსენ ავაკოვს შეხვდა და ორი ქვეყნის სამართალდამცველებს შორის ოპერატიული თანამშრომლობის გაღრმავებასა და დანაშაულის გამოძიების მიზნით ინფორმაციის ინტენსიურად გაცვლასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს, მათ შორის კიბერუსაფრთხოების სფეროში.

გიორგი გახარიამ, უკრაინის პოლიციის კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტის მუშაობა დადებითად შეაფასა, რომელიც, მისივე თქმით, ევროპაში საუკეთესოა.

“გვინდა, თქვენი ოფიცერი გამოცდილების გაზიარების მიზნით, საქართველოში მოვიწვიოთ,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ორი ქვეყნის შს მინისტრებმა საერთაშორისო ნარკოდანაშაულის წინაააღმდეგ ბრძოლის ღონისძებებზეც ისაუბრეს. გიორგი გახარია უკრაინელ კოლეგას საქართველოს ევროპოლთან გაფორმებულ ხელშეკრულებაზეც ესაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობა როგორც ოპერატიული, ასევე არაოპერატიული მიმართულებით, ერთობლივ ოპერაციებში მონაწილეობის საშუალებას იძლევა.

მხარეებმა დეტალურად განიხილეს ქვეყნებში სანაპირო დაცვის მნიშვნელობა, საზღვრის დაცვის მიმართულებით არსებული მდგომარეობა და უწყებათშორისი თანამშრომლობის შესაძლებლობები.

მსგავსი თემები