„იღებს იარაღს და დამიზნებით მესვრის“ – დეპუტატი დუმილს არღვევს, ექსკლუზიური ინტერვიუ ენზელ მკოიანთან

დეპუტატი, რომელიც თითქმის 20 წელია პარლამენტის წევრია, თუმცა, არც მედიასთან და არც ტრიბუნასტან აქტირუობით არ გამოირჩევა; რატომ არ ენდობა მედიას; რა მოხდა ახალქალაქში – ვინ ვის ესროლა; რა იყო შეიარაღებული დაპირისპირების წინაპირობა – ამ და სხვა ხმაურიან თემებზე დეპუტატი ენზელ მკოიანი „მედიაცენტრ მთავართან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს, რომლის ჩაწერაც არც თუ ისე მარტივი აღმოჩნდა.    

მედიაცენტრი მთავარი:“ ბატონო ენზელ, ძალიან რთული აღმოჩნდა თქვენთან ინტერვიუს ჩაწერა. 1998 წლიდან საპარლამენტო ჟურნალისტი ვიყავი და არც ერთხელ, თქვენთან ინტერვიუ არ ჩამიწერია. სანამ კონკრეტულ თემებზე დავიწყებთ საუბარს, გთხოვთ, აგვიხსნათ მედიასთან თქვენი დისტანცირების მიზეზები?

ენზელ მკოიანი: ძალიან კარგია, რომ ამ კითხვით დაიწყეთ საუბარი.  გეტყვით და მკითხველმა შეაფასოს რატომ არ ვთანამშრომლობ მედიასთან. საამისოდ ბევრი მიზეზი გამაჩნია. პირველი ის, რომ წლებია,  ჩემს რეგიონში საქმეს ვაკეთებ და არ მიმაჩნია სწორი ამ საქმის მედიის წარმოჩენა და „გაპიარება“. ამ საქმეების ყველაზე კარგი შემფასებელი სწორედ ის  მოსახლეობაა, რომელსაც პირდაპირ ეხება და რომელზეც პირდაპირ აისახება ის სიკეთეები, რომელზეც მოგვიანებით მოგიყვებით.

მეორე მიზეზი: როცა ჟურნალისტი მოდის შენთან, გისვამს კითხვებს,  ყველა კითხვაზე პასუხობ, მაგრამ, როცა უყურებ საინფორმაციო გამოშვებას და რაც შენ ილაპარაკე ის უკუღმაა გაგებული და ისე „დაჩეხილი“, რომ ყველაფერი შენი საუბრის საწინააღმდეგოდაა შეტრიალებული, თქვენ გეკითხებით, უნდა მქონდეს თუ არა მედიის ნდობა (რა თქმა უნდა, ყველას არ ეხება). ასე არაერთხელ მოხდა, მივეცი განმარტებები, არ გაუშვეს, მივეცი ინტერვიუ, ისე დაჩეხეს, მე ვერ გავიგე რას ვამბობდი; როცა ხედავ, რომ მედია ჩასაფრებულია, რომ მხოლოდ ცუდი გააშუქოს, გაგაშავოს და ჩირქი მოგცხოს, უნდა მქონდეს ნდობა? როცა ერთ-ერთი პარტიული ტელევიზიის  ჟურნალისტი მკვლელს, კრიმინალს, ბანდიტს, იარაღის მსროლელს გიწოდებს, პირდაპირ განაჩენი გამოაქვს ჟურნალისტს და გადანაშაულებს რომ შენ კრიმინალი და ბანდიტი ხარ, უნდა მქონდეს თუ არა ნდობა?

კი ბატონო, მედიამ ყველა მხარე უნდა გააშუქოს და თუ ნეგატივია, ნეგატივზეც უნდა ილაპარაკოს, თუმცა, მიზანმიმართული შეტევა, თავდასხმა და ადამიანის გაშავება ნდობას არ იმსახურებს. თუ არ მეთანხმებით, მითხარით. ახლა, თქვენთანაც, ასე ვთქვათ, რისკზე მივდივარ, მე არ ვიცი თქვენ რას დატოვებთ ამ ინტერვიუდან და რას გაუშვებთ. და კიდევ უახლესი მაგალითიც რომ გავიხსენო, ცნობილი არხიდან იყო ჩამოსული გადამღები ჯგუფი, ისინი ესტუმრნენ ჩემს პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს ჩაწერეს ინტერვიუ, ღამეც იქვე, მის სახლში გაათენეს და დილით მივიდნენ ჩემს მეზობელთან რომ ჩემს შესახებ ეკითხათ.  ჩაწერეს ის და იმ კაცმა, მეზობელმა რაც თქვა, აღარ გაუშვეს, რადგან არ აწყობდათ.  რეალურად მათ რას აწყობთ იმას უშვებენ.

ეს ხალხი, ადგილობრივები  იცით რატომ ამბობენ ჩემზე კარგს, იმიტომ, რომ მე 24 საათი ვმუშაობ, მაქვს მათთან აქტიური კონტაქტი, ტელეფონის ნომრებით და თითქმის ყველას ვიცნობ. ვიცი მათი პრობლემები და ვეხმარები კიდეც. ხალხს მაქსიმუმ ერთხელ მოატყუებ  და მორჩა, მერე აღარავინ გენდობა, მე მათ ვუსმენ, ბიუროში მიღებაზე მოდიან, რომელიც დილით 10:00 საათზე იწყება და 22:00 საათზე მივდივარ სახლში.

მედიაცენტრი მთავარი:“ რადგანაც ამ თემაზე დაიწყეთ საუბარი, აქვე გკითხავთ, ძრითადად რას ითხოვს ხალხი თქვენგან?

ენზელ მკოიანი: საჭიროება სხვადასხვაა.  მაგალითად,  ბევრ ოპერაცია სჭირდება, ზოგს სამსახურში მოწყობა, ზოგი საკუთარი შვილებისთვის სასკოლო ნივთებს ითხოვს, სტუდენტებს რაც შეეხება, მათაც სჭირდებათ გვერდში დგომა ფინანსური კუთხით, უჭირთ გადასახადის გადახდა.  ბუნებრივია, ვეხმარები, რადგანაც განათლება ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ მაქვს ნინოწმინდაში და  ახალქალაქში მაღალი  რეიტინგი, უსაქმურად კი არ დავდივარ.

მედიაცენტრი მთავარი:“  გასაგებია, ბატონო ენზელ, როგორც აღნიშნეთ, ჩვენთან ინტერვიუში რისკზე წასვლა არ მოგიწევთ, რადგანაც, თქვენს ირგვლივ იმდენი თემა დაგროვდა, ყველა კითხვას დავსვამთ. ასევე, ჩვენგან გაქვთ პირობა, რომ ინტერვიუ სრულად გავა. გავა ნეგატივიც და პოზიტივიც, მთავარია, რომ თქვენ მზად ხართ, ყველა მწვავე კითხვას უპასუხოთ.

ენზელ მკოიანი: აბსოლუტურად მზად ვარ, ყველა კითხვას ვუპასუხო. გასაქცევი და კითხვებზე თავის ასარიდებელი არაფერი მჭირს. იმედია, სწორად ჩამოვაყალიბე ჩემი სათქმელი. მედია სტანდარტებში და მედია ტექნოლოგიებში გარკვეული არ ვარ, თუმცა, ცხადია, რომ ადამიანს მისი სიტყვები არ უნდა დაუმახინჯო და ტყუილი არ უნდა დააბრალო, თან, მედიამ. მედიას რომ თავი დავანებოთ, პოლიტიკოსის მხრიდანაც არასათანადო საქციელია, როცა პოლიტიკური ინტერესების მისაღწევად, ყველაფერს კადრულობ ოპონენტისჩასაძირად“.

პატივს ვცემ ყველა ჟურნალისტს, თუმცა, არ მიმაჩნია სწორად, როცა მედია ფაქტებს ამახინჯებს და თეთრზე შავს ამბობს და პირიქით, თან კი არ ამბობს არამედ გიმტკიცებს, რომ ეს ასეა. ასევე, მედიას არ აქვს უფლება იყოს პროკურორი, გამომძიებელი, მოსამართლე, გამოიტანოს განაჩენიდასვას დიაგნოზი და კონკრეტულ სუბიექტს ეძახოს კრიმინალი ან მაფიოზი

მედიაცენტრი მთავარი:“ გადავიდეთ ერთერთ მთავარ თემაზე, სროლა ახალქალაქში. რა მოხდა რეალურად, ვინ ვის ესროლა? და რა იყო ამ ყველაფრის მიზეზი?

ენზელ მკოიანი:  ოქტომბერში, სამველ  პეტროსიანის შვილი, თავს დაესხა ჩემს ძმას. ქვა ჩაარტყა თავში. დაუზიანა სახე როგორც ჩემს ძმას ისე მის მეგობარს. ორივე პიროვნება სასტიკად დააზიანა. შემდეგ, როდესაც, ჩემმა ძმამ დაიწყო გარკვევა რა უნდოდა მისგან, გადავიდა საკუთარი მანქანიდან და მივიდა მის მანქანასთან, პეტროსიანმა კარი მიიხურა, ჩემი ძმის პიჯაკი კარებში ჩაყვა, მან დაძრა მანქანა და ჩემი ძმა დაახლოებით 100 მეტრით ათრია. ძალიან დაშავდა ჩემი ძმა, ძირს ეგდო, მერე სასწრაფო მოვიდა და გაუწიეს დახმარება, გადაიყვანეს კლინიკაში.   ჩემს ძმას ტვინის შერყევა ჰქონდა. ამ საქმეზე გამოძიება გრძელდება.

მედიაცენტრი მთავარი:“ აქედან იწყება მკოიანებისა და პეტროსიანების დაპირისპირება და ამისი გაგრძელებაა ახალქალაქში მომხდარი ინცინდენტი?  

ენზელ მკოიანი: ასეა, ეს იყო წინაპირობა. ახლა მოგიყვებით რა მოხდა ახალქალაქში 26 მარტს. სამველ პეტროსიანმა ჩემს ძმის შვილს, რომელიც 12-ე კლასის მოსწავლეა,  დუაწყო გინება, ეს ხდება ქუჩაში, სომხური ეკლესიის მიმდებარედ. დედას აგინებდა მოზარდს მასზე დაახლოებით 50 წლით უფროსი პეტროსიანი. ჩემმა ძმის შვილმა ვერ წარმოიდგინა, რომ მას აგინებდა და მერე უთხრა კი, შენ გაგინებო და კიდევ შეაგინა. ამას მოყვა ამ საქმის გარჩევა. იქ იყო მისი შვილიც, რომელსც იარაღი ჰქონდა და როგორც ჩანს, შეკრებილები ამ საქმეს არჩევდნენ. ბუნებრივი მე იქ არ ვყოფილვარ.

მედიაცენტრი მთავარი:“ თქვენ სად იყავით ამ დროს?

ენზელ მკოიანი: გარეთ რომ იყო ხმაური, მე აბაზანაში ვიყავი და  მეუღლემ მითხრა გარეთ  ხმაურიაო. გამოვვარდი სველი თავით, მივედი შეკრებილ ბიჭებთან და ვთხოვე დაშლილიყვნენ. სულ 2-3 სიტყვა ვუთხარი, რომ არ იყო ხმაური და გარჩევა საჭირო და დაიშალნენ კიდეც და წამოვიდნენ ჩემი სახლის მიმართულებით. მეც, ბუნებრივია, წამოვედი სახლის მიმართულებით და ეს ყველაფერი ვიდეოკამერით გადაღებულ კადრებში ჩანს.  და, ბიჭები როცა საქმეს არჩევდნენ, იქ, ერთ ერთი იყო სამველ პეტროსიანის შვილი, რომელმაც დასაშინებლად ჰაერში გაისროლა კიდეც.  

მედიაცენტრი მთავარი:“ მივყვეთ ქრონოლოგიას, თქვენ გახვედით, ბიჭები დაიშალნენ, კონფლიქტი ამოიწურა და მიდიხართ სახლის მიმართულებით. ამის შემდეგ რა ხდება?

ენზელ მკოიანი: ამის შემდეგ ხდება ის, რომ უცებ, მანქანით მოვარდა სამველ პეტროსიანი, კადრებში ჩანს, რომ მე უკვე ჩემს სახლთან ვარ, ის გადმოხტა მანქანიდან, მე მიყურებს, მაკვირდება და მიდის მისი შვილისკენ. შვილს ეუბნება შედი სახლში, ამათ მე მივხედავო, შვილი ეუბნება, რომ მან შესაშინებლად უკვე ისროლა, სამველ პეტროსიანი  მოტრიალდება და მოდის ჩემი მიმართულებით. მისი შვილი და იქ მყოფი სხვა ადამიანები მას აკავებენ, იქვეა პოლიციაც, რომელიც მას აკავებს (რასაც გიყვებით ყველაფერი ჩანს უწყვეტ  ვიდეოკადრებში), მაგრამ გაექცევა მათ, იღებს იარაღს და დამიზნებით მესვრის. ერთი სროლა განახორციელა ჩემი ძმის შვილის მიმართულებით და 2 ჩემი მიმართულებით, ყვიროდა მოვკლავო.

როცა ისროდა, კადრებში კარგად ჩანს როგორ გარბის თავის დასაცავად ჩემი ძმის შვილი, არაადეკვატურად იქცევა, თავიდან ქუდი უვარდება და გარბის მანქანის მიმართულებით. მეც ვჩანვარ ვიდეოკადრებში, როგორი რეაქცია მაქვს როცა მესვრის, რომ ხელებს ვიფარებ. მეტი სროლა ვერ განახორციელა, რადგან იარაღმა არ ისროლა, თან, წარმოიდგინეთ, რომ ვსაუბრობ პოლიციის ყოფილ უფროსზე.

მედიაცენტრი მთავარი:“ კადრებში ისიც ჩანს, რომ თქვენც გაქვთ იარაღი და  მიემართებით პეტროსიანის  მიმართულებით

ენზელ მკოიანი: კადრებში ყველაფერი ჩანს, როცა მან ჩვენი მისამართით მეტი სროლა ვერ განახორციელა, შვილმა მიაწოდა საკუთარი იარაღი, რომ მოვეკალით. ამ დროს, დასაშინებლად და თავის დასაცავად, რომ ვინმე არ მოეკლა, მეც ამოვიღე იარაღი და გავემართე მისი მიმართულებით, ჰაერში ვისროლე კიდეც და მივაძახე, რომ „ნაგავი ხარ“.  ეს იყო ჩემი კუთვნილი, გაფორმებული იარაღი. ამის შემდეგ პოლიციელებმა მოახერხეს მისი განიარაღება.

მედიაცენტრი მთავარი:“ კადრში ჩანს თქვენი ძმისშვილი, რომელიც სროლაზე გამორბის, მირბის მანქანის მიმართულებით და შემდეგ ისიც იარაღს იღებს, რა იარაღია ეს, სწორედ ამისთვის არის ის დაკავებული დღეს….

ენზელ  მკოიანი: მას ხელში ეკავა არა ნამდვილი იარაღი, არამედ არასაბრძოლო, სათამაშო და ეს ექსპერტის დასკვნაშიც წერია. ეს ბავშვი რეალურად არაფერ შუაშია. როცა დაინახა რომ მას და მე მესროდნენ, შესაშინებლად მანაც ეს არა ნამდვილი იარაღი აიღო მანქანიდან და ამის გამო ის დაკავებულია, არადა, ეს სათამაშო იარაღის ჩანს კადრში და ის ამოიღეს კიდეც, რომელიც საქმეში დევს.    

მედიაცენტრი მთავარი:“ დღეს დაკავებულია როგორც სამველ პეტროსიანი, ისე თქვენი ძმის შვილი. პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებებში თუ ჩაგრთოთ, ჩხრეკა თუ ჩატარდა თქვენთან, იარაღები თუ ამოიღეს?

ენზელ მკოიანი: რა თქმა უნდა, ჩემი ძის სახლი გაჩხრიკეს, ორივე სახლი, საიდანაც ამოიღეს ერთი სათამაში იარაღი და მეტი არაფერი.  ასეთი იარაღი  არმენს, ჩემს ძმის შვილს ჰქონდა ორი, ერთი სახლში და მეორე რაც შემთხვევის ადგილზე ამოიღეს ის. რაც შეეხება პეტროსიანების სახლის ჩხრეკას, 14 იარაღი ამოუღეს სახლიდან. ის ადრე  პოლიციის უფროსი  იყო და სხვებს რომ ართმევდა იარაღებს, თავად იკანონებდა. ის არის საშიში ადამიანი.

მედიაცენტრი მთავარი:“ საკმაოდ ხშირად ხართ ხმაურიან ამბებში გახვეული, უფრო სწორედ ხშირად ფიგურირებს თქვენი სახელი გვარი. სულ რამდენიმე დღის უკან, ბენზოგასამართ სადგურთან მომხდარ ჩხუბზე უნდა გკითხოთ, აქაც თქვენმა გვარმა გაიჟღერა.

ენზელ მკოიანი: ძალიან კარგია, რომ ამაზეც მეკითხებით.  როგორც გავარკვიე, ამბავი ასეთია: ორმა მეზობელმა ერთმანეთში იჩხუბა, მერე შვილები ჩაერთნენ.  მაგრამ, პოლიციამ ისინი შეარიგა და ბოლოს თქვეს რომ ერთმანეთთან არ აქვთ პრეტენზია. ეს იყო და ეს, მსგავსი რამ თითქმის ყველგან ხდება, ახლა მე თქვენ გეკითხებით, რა შუაშია მეზობლების ჩხუბთან ენზელ მკოიანი. მაგრამ, გეტყვით ამბავი ვინ და როგორ ატეხა, ჩემი კოლეგა, ქალბატონი ირმა, რომელთანაც ყოველთვის ნორმალური ურთიერთობა მქონდა, აქტიურად არის გადასული ჩემს ლანძღვა-გინებაზე. აქვს საკუთარი ტელევიზია და ამას მშვენივრად იყენებს ენზელ მკოიანის საწინააღმდეგოდ. ამისი მიზეზი კი ის არის, რომ სამველ პეტროსიანი არის მისი კანდიდატი.    

ის, რომ საკუთარი ტელევიზია გაქვს, არ ნიშნავს, რომ ყველაფერში უნდა გამოიყენო. მე მას პატივს ვცემ, ყოველთვის ნორმალური ურთიერთობა მქონდა და უცებ დაიწყო ჩემი ლანძღვა. მესმის, რომ ტელევიზია კერძო საკუთრებაა და როგორც სწორად მიგაჩნია იასე გამოიყენებ, თუმცა, 21-ე საუკუნეში,  მედიით საზოგადოებრივი აზრის ამგვარი მანიპულაცია ისიც დეპუტატისგან, ძალიან მიუღებელია.  სად არის აქ ან ინტერესთა კონფლიქტი ან ჟურნალისტური ეთიკა?

ქალბატონი ირმა, ჩემი კოლეგა ჩემზე ამბობს, რომ მყავს ბანდ-ფორმირებები, მისი ტელევიზია ეძებს ხალხს, ვინც ჩემზე იტყვის ტყუილებს, მაგრამ აქ არავინ ამბობს ჩემზე ცუდს. შავი პიარის აგორება უნდათ, რომ ჩემს ფსიქიკაზე იმოქმედონ და იცავენ პეტროსიანს როგორც საკუთარი პარტიის წევრს.

მედიაცენტრი მთავარი:“ რადგან თქვენს კოლეგაზე დაიწყეთ საუბარი, გკითხავთ, პირადად არ გიცდიათ მასთან საუბარი, თქვენ ხომ ერთ სივრცეში, პარლამენტში ერთად მუშაობთ

ენზელ მკოიანი: ქალბატონი ირმა ადრე მოვიდა ჩემთან, მითხრა  ძალიან დიდი პატივს გცემთ, რადგან ხალხი გაფასებთო. მეც ბორჯომიდან ვარ და ახალქალაქსა და ბორჯომს ბევრი საერთო კონტაქტები აქვთო. დაახლოებით 15 წუთი ვისაუბრეთ და სულ მაქებდა, ხალხს უყვარხართო.  მერე რა მოხდა არ ვიცი. ახალქალაქში მართლაც ყველამ იცის ვინ ვარ მე.  ყველამ იცის რომ პეტროსიანმა სამჯერ მესროლა და არ ვიცი სხვა რა გითხრათ. სავარაუდოდ, რადგანაც სამველ პეტროსიანი მისი პარტიის წევრია, ამიტომ იცავს მას. 

მედიაცენტრი მთავარი“: სამველ პეტროსიანთან ერთად დაკავებულია თქვენი ძმის შვილი. მას ბრალი ხულიგნობის მუხლით აქვს წაყენებული. როგორც თქვენი ოპონენტები აცხადებენ, მან ისროლა

ენზელ მკოიანი:   ეს ბავშვი მართლაც რომ არაფერ შუაშია. არსებობს ექსპერტის დასკვნა, რომ ეს იარაღი არ იყო ნამდვილი. შესაბამისად, ის სროლას ვერ განახორციელებდა, თუ იარაღი არ ისროდა და სათამაშო იყო, როგორ უნდა გაესროლა. ეს ყველაფერი არის სიცრუე. ჩემი ძმის შვილი მსროლელი და ცუდი ადამიანი რომ ყოფილიყო, მოსახლეობა 21 000 ხელმოწერას არ და ვერც შეაგრვებდა მისი გათავისუფლების მოთხოვნით. 21 000 ხელმოწერა გესმით რეგიონისთვის რამხელაა. ეს ადამიანები მის გათავისუფლებას ითხოვენ.  

გარდა ამისა, ის არის წარჩინებული მოსწავლე, ოქროს მედლის კავალერი. მსროლელი და კრიმინალი შეიძლება ასეთი იყოს?

ასევე, მას აქვს  მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა. თავში აქვს 7 სანტიმეტრამდე დიამეტრის კისტა და სისტემატურ მკურნალობას გადის როგორ თბილისში ისე სტამბულში. ექიმები ამბობენ, რომ სერიოზულ საშიშროებაა, ის გადაიზარდოს სიმსივნეში. ეს დასკვნებიც წარდგენილი გვაქვს, თუმცა, დღემდე არაფერი შეცვლილა.

მედიაცენტრი მთავარი:“ თქვენს ძმაზე მინდა გკითხოთ, ვინ არის ის, რას საქმიანობს?

ენზელ მკოიანი: ჩვენ სამნი ვართ. ერთი ძმა ძალიან ახალგაზრდა, 50 წლის ასაკში გარდამეცვალა. რაც შეეხება თქვენს საქმიანობას, აქ ჩვენ პირველი ჰიდროელექტროსადგური ავაშენეთ,  ნულიდან დავიწყეთ ყველაფერი.  ედუარდ შევარდნაძეც კი ჩამოვიდა, რომ ყველასთვის ეჩვენებინა როგორ შენდება ეკონომიკა. ამ სადგურიდან ელექტროენერგიის 35%  უფასოდ გადიოდა, ანუ, პოლიციაც, სკოლას, საავადმყოფოს, მსგავსი მნიშვნელობის ობიექტებს ელექტროენერგიას   უფასოდ ვაწვდიდით 12 წელი.

ეს ის დრო იყო, როცა ჯერ პოლიტიკაში არც ვიყავი.  პოლიტიკაში1997-98 წლებში სკოლებში რომ სიცივე იყო და ბავშვები კლასში პალტოებით იყვნენ და ყინავდა, მაშინ გადავწყვიტეთ ძმებმა, რომ მათთვის ხელი შეგვეწყო, რომ განათლება შესაფერის სივრცეში მიეღოთ. 2 წელი რეგიონის ყველა სკოლას მუდმივად ვაწვდიდით შეშას და ნახშირს. ასე იყო საავადმყოფოებთან დაკავშირებითაც. ოპერაციებს ვერ აკეთებდნენ რადგან დენი არ ქონდათ, ექიმები და პაციენტები პალატებში იყინებოდნენ. ჩვენი ამ დახმარებით ასობითა ადამიანის სიცოცხლე გადარჩა, რაც მე მეამაყება. რასაც  გიყვებით, ძალიან მარტივად გადასამოწმებელი ინფორმაციაა და დარწმუნებული ვარ, არც თქვენ და არც სხვა ჟურნალისტებმა ამის შესახებ არაფერი იციან, რადგან, მსგავსი პოზიტივი არ შუქდება, შუქდება მხოლოდ ის, მეზობლები როგორ იჩხუბებენ და როგორ მოხვდეს ამ ჩხუბში მკოიანების გვარი. ძალიან მწყდება გული, ძალიან, როცა ადამიანი ამდენ სიკეთეს აკეთებდა და ოპონენტებისგან ტალახს იღებს. არადა, ოდნავი პოზიტივი და ამ სიკეთის დანახვა ხომ წამახალისებელია და მეტი ენთუზიაზმით ხარ აკეთო პოზიტივი.

არც ის გეცოდინებათ ახალქალაქში რომ „9 აპრილის“ ძეგლი დავდგით. ეს სწორედ ჩვენი იდეა იყო.  ეს ჩვენი იდეა იყო.  ლამაზი ძეგლი „9 აპრილის“,  რატომ გავაკეთე ეს? იმიტომ რომ ის რაც ქართველი ერისთვისაა მტკივნეული, ჩვენთვისაც მტკივნეულია და ჩვენ მივაგებთ პატივს თავისუფლებისათვის ბრძოლაში თავდადებულებს.

ჩემს ძმებთან ერთად 10 მეტრიანი ჰაიოსის და ქართლოსის ძეგლიც დავდგით. აქ არის ორი ძმა და ზურგზე აქვთ  ერთი ჯვარი, საოცარი ძეგლია და დასტური რომ ჩვენ გვიყვარს საქართველო და მისი მოქალაქეები ვართ. ჩვენ ერთი ჯვარი გვაქვს სატარებელი, ამის დასტურია ეს ძეგლიც!  მიმაჩნია, რომ ჩემი სახელმწიფო ესაა. არადა, ის ადამიანები, ვინც ახალქალაქში ვითარების დაძაბვას და პროვოკაციებს ცდილობენ, მათ, პირდაპირ ვიტყვი, დესტაბილიზაცია უნდათ.  აქ დღეს სტაბილურობა და სიმშვიდეა მათ კი ამ რეგიონში არეულობა უნდათ.

დღეს, ჩემი ძმის კორპორაციაში 300 ადგილობრივია დასაქმებული. ეს იმას ნიშნავს, რომ 300 ოჯახს დღეს აქვს საკუთარი შემოსავალი, 300 ოჯახი ცოტა არ არის რეგიონისთვის.

ასევე, სწორედ მკოიანებისა და სამოსიანების ოჯახის წყალობით ნინოწმინდაში და ახალქალაქში მოხდა გაზიფიცირება. მე საქმეებით, კონკრეტული ქმედებებით გელაპარაკებით. გაზიფიცირება ხომ მარტივი საკითხი არ არის და წარმოიდგინეთ, რამდენი ოჯახია ამით კმაყოფილი, ასეთ დროს, ცდილობენ, ვითარება არიონ და ატას პროვოკაციაზე მიდიან.

ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნციპალიტეტებში გაზიფიცირებული აბონენტების საერთო რაოდენობა შეადგენს 17401, მათ შორის, ქალაქ ახალქალაქში 3601 აბონენტი, ქალაქ ნინოწმინდაში კი – 1651. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირებულია 42 სოფელი – 7871 აბონენტი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტშიც კი 22 სოფელი- 4278 აბონენტი.

მედიაცენტრი მთავარი:“ გეტყვით, რომ ნამდვილად არ ვიცოდი ამის შესახებ და გეთანხმებით იმაშიც, რომ პოზიტივსაც დანახვა უნდა, თუმცა, მედია ხომ იმისთვისაც ვართ, პრობლემებზე ვისაუბროთ, რომ ვითარება გამოსწორდე. მინდა გკითხოთ მიწებზე, სადაც ისევ მკოიანების გვარმა გაიჟღერა, რომ სახელმწიფომ დიდი ოდენობით მიწა გაჩუქათ

ენზელ მკოიანი: მე არ ვამბობ, რომ ჟურნალისტმა კითხვა არ უნდა დასვას. დასვით ყველა კითხვა, რაც არ უნდა მტკივნეული იყოს, თუმცა, ამ კითხვებზე პასუხის გაცემის შესაძლებლობაც უნდა მქონდეს. გადავიდეთ მიწის საკითხზე. დიახ, გავრცელდა ეს ცრუ ინფორმაცია. არადა, ძალიან მარტივია ამ ინფორმაციის გადამოწმება.  გადაფორმებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის გაცნობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე. ამ შემთხვევაში, პირი დაინახავს, რომ მიწის ნაკვეთი მარტუნ მკოიანს უსასყიდლოდ არ გადასცემია. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მარტუნ მკოიანისა და მისი უცხოელი პარტნიორების მიერ დაფუძნებულმა იურიდიულმა პირმა ნაკვეთი კეთილსინდისიერად, მაღალი საბაზრო ფასით შეიძინეს მისი კანონიერი მესაკუთრისაგან.

შეძენის მიზანი იყო უცხოური ინვესტიციის მოზიდვა და მსხვილი პროექტის განხორციელება რამდენიმე ასეული ადამიანის დასაქმებით. ამ პროექტზე მუშაობა ამჟამადაც ინტენსიურად მიმდინარეობს.

ხსენებული ინფორმაციის გამავრცელებლები  არც დოკუმენტაციით დაინტერესდნენ,  არც საინვესტიციო პროექტით. აშკარაა, რომ პროპაგანდისტული ტელევიზიისა და მასთან დაკავშირებული ყალბი საიფორმაციო სააგენტოების მიზანია ჩემი დისკრედიტაცია.

მიწასთან დაკავშირებით ხომ ყველაფერი ცხადია, არსებობს ნასყიდობის ხელშეკრულება, მიწაში გადახდილია სოლიდური თანხა.

როცა ტელევიზიის წარმომადგენლები ჩამოსულები არიან სიუჟეტი გასაკეთებლად, როცა მიდიან და რჩებიან ჩემი ოპონენტის სახლში, იქ მასპინძლობენ და იქ ათენებენ ღამეს რომელიც ჩემზე ათას სიბინძურეებს საუბრობს, ეს არის დამოუკიდებელი მედია და მედია სტანდარტი? არა ეს არის უკვე ორგანო რომელმაც ყველა ძალოვანი უწყების ფუნქცია შეითავსა და მეტიც, უნდათ რომ ეს ნორმა გახადონ. და მე რა დამრჩა, რომ ვიარო ეთერ-ეთერ და თავი ვიმართლო?

მედიაცენტრი მთავარი:“ ბატონო ენზელ, რაც ჟურნალისტიკაში ვარ, თქვენ სულ დეპუტატი ხართ. ამაზე ოპონენტებმაც არაერთხელ წამოგაძახეს. როგორ ახერხებთ მუდმივ დეპუტატობას. ალბათ თქვენც არაერთხელ მოგისმენიათ შეფასებები, რომამომრჩეველს ყიდულობთ“…

ენზელ მკოიანი:  1999 წელს ვიყავი პირველად საქართველოს პარლამენტის დეპუტატი. მაშინ როგორც ოპოზიციონერმა გავიმარჯვე და მმართველი გუნდის წევრი არც ვყოფილვარ. არც 2003-ში, მაშინაც როგორც დამოუკიდებელმა დეპუტატმა გავიმარჯვე. იცით როგორცაა, როდესაც პოლიტიკაში ერთვები,  გაქვს ვალდებულებები. როცა რამეს აკეთებ და შედეგი გაქვს,  ხალხი ითხოვს, რომ ისევ შენ იყო მათი წარმომადგენელი პარლამენტში. გეტვით, რომ მე ვარ ჩემი ხალხის წარმომადგენელი და მოკავშირე სახელწიფოსთან. მაგალითად,  ხალხის ხმის 78% მივიღე ერთ წელს. ამას საქმის კეთების გარეშე ვერ მოიპოვებ.  

2008 წელს უფრო მეტი მხარდამჭერები მყავდა. 1999 წელს ამომრჩეველთა ხმებს 68% მოვიპოვე; 2003 წელს 78%; 2008 წელს 87%, 2012 წელს კი 90%-მდე. რატომ? იმიტომ რომ მენდობიან. როცა ადამიანს არ ენტობიან, ის ამდენი ხანი პოლიტიკაში არ რჩება და მისი რეიტინგი დაბლა მიდის, ჩემს შემთხვევაში კი პირიქით მოხდა. მე ვმუშაობ, უბრალოდ მაქვს ერთი მინუსი, მე არ ვაპიარებ თავს, არც მცალია. ხალხთან ვმუშაობ ვიცი მათი ყველა გულისტკივილი.  რეგიონიდან ვმუშაობ სახელმწიფოსთან,  შუამავალი ვარ, აქ არიან დეპუტატები ბევრს ლაპარაკობენ და ცოტას აკეთებენ სახალხო საქმეს. მე პირიქით, ბევრს ვმუშაობ, მაგრამ გაპიარება და ლაპარაკი არ მეხერხება.

მედიაცენტრი მთავარი:“ ამდენი წელია დეპუტატი ხართ, თუმცა, პარლამენტის ტრიბუნასთან არ მახსოვხართ. რა განათლება გაქვთ?

ენზელ მკოიანი:  ერევანში მაქვს დასრულებული ფიზიკა-მათემატიკური სკოლა, ეს იგივეა, როგორც აქ „კომაროვის სკოლა”. რაც შეეხება უმაღლეს განათლებას, ერევანში სოფლის მეურნეობის ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტი დავამთავრე. ტექნიკური განათლება ლაპარაკთან ცოტა დაშორებულია, მე ლამაზად ლაპარაკი არ შემიძლია, მეშემიძლია ლამაზად საქმის კეთება.

მედიაცენტრი მთავარი:“  თქვენ არასდროს საუბრობთ ქართულად, თუმცა, გცოდნიათ და გესმით კიდეც

ენზელ მკოიანი: მართალია, ვაღიარებ, რომ ეს ჩემი მინუსია. მესმის  სახელმწოფო ენა,  მაგრამ ცუდად ვსაუბრობ. ვაღიარებ, რომ გარკვეულწილად, კომპლექსიც მაქვს. ეს ალბათ უფრო ჩემი ტექნიკური განათლების ბრალია, ენებთან ვერ ვმეგობრობ.   

მედიაცენტრი მთავარი:“  ისევ აპირებთ  დეპუტატობას?

ენზელ მკოიანი: ვერ გეტყვით. ეს ხალხის ნდობაზეა დამოკიდებული.

მსგავსი თემები