იქ, სადაც დამაბინძურებელი ნივთიერებები გროვდება, სამეწარმეო საქმიანობა აიკრძალება

დედაქალაქის საცხოვრებელი ზონები დამაბინძურებელი ნივთიერებებისგან უნდა გაიწმინდოს. შესაბამისად, ამ ტერიტორიებზე მსგავსი ნივთიერებებით ვაჭრობა თუ სამეწარმეო საქმიანობა აიკრძალება. აღნიშნული ინიციატივა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ გააჟღერა.  

„ბევრი ადგილი გვაქვს ქალაქში, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ერთ-ერთი ასეთი ადგილი ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაა, რომელიც საცხოვრებელი ზონაა. აღნიშნულ ტერიტორიაზე პირდაპირ ხდება მსგავსი მასალების განთავსება, ყიდვა-გაყიდვა და ა.შ. ეს ყველაფერი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ზოგადად, ქალაქისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ  მსგავს სამეწარმეო ადგილებსა და საცხოვრებელ ზონებს შორის გარკვეული ბუფერული ზონები შეიქმნას.

დღეს ქალაქში ასეთი ზონები არ არსებობს. მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია აღწეროს ისეთი ადგილები, სადაც დამაბინძურებელი ნივთიერებები გროვდება და უფლებრივი ზონირების მიუხედავად, კონკრეტული სახის საქმიანობა აკრძალოს, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, როგორც ადამიანისთვის, ასევე, გარემოსთვის“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე განმარტებით, გენგეგმაში ასევე, კვლევებზე დაფუძნებით განახლებული და დაზუსტებული სანიტარიული დაცვის არეალები აისახა, სადაც განაშენიანება აღარ მოხდება. 

ამასთან, დედაქალაქის მერმა პარლამენტის თავმჯდომარესა და გარემოს დაცვის კომიტეტის თითოეულ წევრს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, გარემოს დაცვის კომიტეტის თითოეულ წევრს, ხელმძღვანელს, იმიტომ, რომ ჩვენ პარლამენტიდან ძალიან დიდი მხარდაჭერა გვაქვს, როდესაც ასეთ მნიშვნელოვან ცვლილებებს ვახორციელებთ. ამას ვგრძნობდით ერთი წლის განმავლობაში. ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქალაქში ეკოლოგიური პრობლემა მოგვარდეს და თუ დამატებით საკანონმდებლო ცვლილებები იქნება საჭირო, მზად ვართ, ეს ნაბიჯიც გადავდგათ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები