„იუსტიციის საბჭო მოსამართლეების საკითხის დაჩქარებულად გადაწყვეტას ითხოვდა“ – ზვიად ძიძიგური

პარლამენტის ვიცე-სპიკერის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეთა კანდიდატურებს ისე ვერ გაიტანს, როგორც ამას ცდილობდა.

როგორც ძიძიგურმა „მედიაცენტრ მთავარში“ აღნიშნა, საბჭო, მოსამართლეთა უვადოდ გამწესებას პარლამენტისგან დაჩქარებულად ითხოვდა.

„საშემოდგომო სესიის დასასრულს, საქართველოს პარლამენტში იუსტიციის საბჭოსაგან მოსამართლეთა 10 კაციანი სია შემოვიდა, რომლებიც უზენაესი სასამართლოში უვადოდ უნდა დანიშნულიყვნენ. პრაქტიკულად, იუსტიციის საბჭო, პარლამენტისაგან, ამ საკითხის დაჩქარებული წესით გადაწყვეტას ითხოვდა. შედეგად მივიღეთ ის, რომ მმართველ გუნდში შევთანხმდით, რომ შექმნილიყო ისეთი რეგულაციები, რომელიც მოსამართლეების დანიშვნის კრიტერიუმებს დაადგენდა. ამ პროცესში ვართ ახლა. მივიღებთ ასეთ კრიტერიუმებს და კრიტერიუმების შედეგად წარმოდგენილ მოსამართლეებს საქართველოს პარლამენტი დაამტკიცებს ან არ დაამტკიცებს“, – აღნიშნა ძიძიგურმა „მედიაცენტრ მთავარში“.

დეპუტატის თქმით, იუსტიციის საბჭომაც და სასამართლო სისტემამაც პარლამენტთან მიმართებაში შემხვედრი ნაბიჯი გადადგეს, რადგანაც, 10 კაციანი მოსამართლეების სია უკან გაიწვიეს. კითხვაზე, სიის უკან გაწვევა იყო თუ არა საზოგადოების მხრიდან იძულებითი ნაბიჯი, დეპუტატმა უპასუხა, რომ ნამდვილად ასე იყო: „იუსტიციის საბჭოს მიერ სიის გაწვევა, რა თქმა უნდა, იძულებითი ნაბიჯიც იყო. საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან თანხმობა რომ ყოფილიყო, საზოგადოების ნაწილისგან არ ყოფილიყო პროტესტი, არასამთავრობოებს, რომ არ დაეფიქსირებინათ თავისი პოზიცია, შემდეგ ჟურნალისტებს, რომ არ ეთქვათ თავისი სიტყვა და მთელი საზოგადოება არ ჩართულიყო ამ ამბავში, რა თქმა უნდა, იუსტიციის საბჭო სიას არ გაიწვევდა. კარგად ნახეთ, რომ თავიდან, მისი გეგმა იყო, რომ ეს 10 კაციანი სია საახალწლოდ მიეღო პარლამენტს, მაგრამ როცა ასეთი ტიპის წინააღმდეგობები გამოჩნდა, პარლამენტმაც და საბჭომაც მიიღო ისეთი გადაწყვეტილებები, რომლითაც საზოგადოების მოთხოვნები დაბალანსდა“.

მსგავსი თემები