იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირბადის ტარების წესთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის (დაჩქარებული წესით) განიხილა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომლებიც პირბადის ტარების წესთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს.

„ჩვენი ამოცანაა, უზრუნველვყოთ კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა და ჩვენი ლეგიტიმური მიზანი მდგომარეობს საზოგადოების ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვაში. ამიტომ, მას შემდგომ, რაც გადავედით კორონავირუსთან ბრძოლის ახალ ეტაპზე, ვალდებული ვართ მოვახდინოთ საკანონმდებლო რეგულაციების ადაპტირება. აღარ გვაქვს საგანგებო მდგომარეობა, აღარ არის მასშტაბური უფლებრივი შეზღუდვები, ამიტომ საჭიროა პანდემიასთან ფეხდაფეხ ეფექტიანი ბრძოლა. სწორედ ამიტომ, ჩვენ შევიმუშავეთ პროექტი. ჩვენი ამოცანაა, უზრუნველვყოთ ისეთი რეგულაციები, რომელიც დეტალურად იქნება განსაზღვრული კოდექსში და ასევე, იქნება განჭვრეტადი ჩვენი საზოგადოებისთვის. ჩვენი თვითმიზანი არ არის ვინმესთვის ფულადი ჯარიმის დაკისრება. ერთადერთი ამოცანა, რომელიც მმართველ გუნდს, „ქართულ ოცნებას“ აკისრია, არის პანდემიასთან ეფექტიანი ბრძოლის უზრუნველყოფა და საზოგადოების ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვა. ეს არის სახელმწიფო პოზიტიური ვალდებულება“, – განაცხადა კანონპროექტების წარდგენისას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, მაქსიმალურად ფრთხილად და დეტალურად გაიწერება რეგულაციები, რომ ეს არ იყოს მძიმე ტვირთი საზოგადოებისთვის და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისთვის.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ ცვლილებები არ შეეხება პირბადის ღია სივრცეში ტარების ვალდებულებას.

კანონპროექტის თანახმად, დახურულ საჯარო სივრცეში თავშეყრისას, პირბადის ტარება სავალდებულო იქნება და თუ პირი არ დაიცავს ამ წესს, ის დაჯარიმდება 50 ლარით. თუმცა, ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ მიღებული იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული ჯარიმის 20 ლარამდე შემცირების თაობაზე. მისივე თქმით, კანონპროექტით, პირბადის არმქონე პირის დახურულ საჯარო სივრცეში დაშვებისთვის იურიდიული პირი დაჯარიმდება 500 ლარით.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განაცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით და მეტროპოლიტენით გადაადგილებისას, პირბადის ტარების წესის დარღვევა გამოიწვევს 20 ლარით დაჯარიმებას, ნაცვლად კანონპროექტით გათვალისწინებული 50 ლარისა.

ასევე, ტაქსით ( M1 კატეგორია) გადაადგილებისას პირბადის ტარების წესის დარღვევა გამოიწვევს 20 ლარით დაჯარიმებას.

ცვლილებების თანახმად, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით დადგენილი იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, იურიდიული პირის – 10 000 ლარით. იზოლაციის ან/და კარანტინის წესის განმეორებით დარღვევისთვის გათვალისწინებულია უკვე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა – შინაპატიმრობა ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე განხილვას.

მსგავსი თემები