იულია სუსლიაკი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

უკრაინელი ქალბატონი იულია სუსლიაკი, რომელსაც ქართული მხარე ადამიანებით ვაჭრობას ედავება, პატიმრობიდან გათავისუფლდა. განსახილველად საქმე უკრაინის პროკურატურას გადაეცა.

როგორც იულია სუსლიაკის ქართველმა ადვოკატმა ზურაბ თოდუამ  „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, იმის გამო, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების უმეტესობა უკრაინაშია და ქართულ მხარეს, მოთხოვნის მიუხედავად არ გადმოეცა, გამოძიებამ მიიღო გადაწყვეტილება, საქმეზე ძიება უკრაინის პროკურატურამ განაგრძოს.

“იულია სუსლიაკი გარეთ არის. გააუქმეს აღკვეთის ღონისძიება. დღეს, მათ ჩემთვის, უნდა გადმოეცათ მტკიცებულებები, რითიც დამტკიცდებოდა მისი ბრალი, მაგრამ იმდენად რამდენადაც, მთელი ამ ხნის მანძილზე ვერაფერი მოიპოვეს, გამოსავალი ასეთი მოძებნეს. რადგანაც, უკრაინიდან საქართველოში ვერ გამოითხოვეს მასალა, გადაწყვიტეს, საქმე გადაეცათ უკრაინისთვის გამოსაძიებლად. თავი, რომ გაემართლებინათ და მათი პასუხისმგებლობა არ დამდგარიყო, გააკეთეს ასეთი ეშმაკობა,” –  განუცხადა “მედიაცენტრ მთავარს” ზურაბ თოდუამ.

იულია სუსლიაკი არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ბრალდებით აპრილში დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ის საქართველოში 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა. გამოძიების ფარგლებში მოპოვებული დოკუმენტაციის მიხედვით, ყველა ბავშვი მისი შვილია და მის გვარს ატარებს. თუმცა, მცირეწლოვნებიდან ოთხი დაბადებულია 2017 წელს.

ტრეფიკინგში ბრალდებულ იულია სუსლიაკს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 27 აპრილს შეეფარდა. 11 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ იულია სუსლიაკი პატიმრობაში დატოვა. მოგვიანებით, ბრალდებულის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც.

მსგავსი თემები