ისტორიული შენობების საყოფაცხოვრებო ინფრასტრუქტურით დაზიანების ფაქტებს რეაგირება მოჰყვება  

​ისტორიულ ძეგლებზე კონდიციონერებით, გამათბობლებითა და სხვა საყოფაცხოვრებო საჭიროებით ფასადების დაზიანების გახშირებულ ფაქტებს თბილისის მერი კახა კალაძე შემაშფოთებელს უწოდებს და მოქალაქეებს ქალაქის ისტორიული იერსახის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს.

კახა კალაძემ, დედაქალაქის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს, ქალაქის რეაბილიტირებულ ადგილებში საყოფაცხოვრებო ინფრასტრუქტურით ფასადების დაზიანების ფაქტებზე ოპერატიული რეაგირება, შესაბამის სამსახურებს კი, მათი უმოკლეს ვადაში აღდგენა დაავალა.

როგორც თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მისთვის გასაგებია, რომ საყოფაცხოვრებო პირობებისთვის სხვადასხვა ინფრასტრუქტურის მოწყობაა საჭირო, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ფასადების დამახინჯების ხარჯზე. მეპატრონეები თვითონ უნდა იყვნენ პირველები, ვინც შენობა-ნაგებობებს დაიცავს.

​​მერის თქმით, ძველი თბილისის ისტორიული უბნების რეაბილიტაცია გაგრძელება და ამაში 500 მილიონი ლარი დაიხარჯება. თუმცა, მოსახლეობის მხარდაჭერის გარეშე, მერია ვერ შეძლებს აღადგინოს და შეინარჩუნოს თბილისის ისტორიული იერსახე.

კახა კალაძს განცხადებით, 2016 წელს, თბილისის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით, ახალი აღმაშენებლის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა, სადაც დაახლოებით, 30 მილიონი ლარი დაიხარჯა. ასევე, ხორციელდება გუდიაშვილისა და ორბელიანის მოედნების სრული რეაბილიტაცია-აღდგენა. პროექტების ღირებულება ჯამში 110 მილიონი ლარია. ამ სარეაბილიტაციო სამუშაოების მიზანია, ქალაქის ისტორიული იერსახის აღდგენა და შენარჩუნება. მაგარამ  დღეს იქ არსებული ისტორიული ძეგლებისა და შენობა-ნაგებობების მდგომარეობა გულსადაწყვეტია.

“ჩვენ თვითონ ვაზიანებთ იმას, რასაც ვაკეთებთ“, – აცხადებს კახა კალაძე და მოსახლეობას მოუწოდებს გამგეობასთან შეთანხმებით, საყოფაცხოვრებო ინფრასტრუქტურა სხვა ადგილზე  გადაიტანონ, ხოლო ფასადების აღდგენისთვის საჭირო ხარჯებს მუნიციპალიტეტი გაიღებს.

მისივე თქმით, ვანდალიზმის ფაქტები სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ სკვერებშიც ფიქსირდება.

„მინდა, დავავალო თბილისის ზედამხედველობის სამსახურს, დააფიქსიროს და აღრიცხოს თითოეული მსგავსი დაზიანება და ყველა მესაკუთრეს თვითნებურად მოწყობილი ინფრასტრუქტურის დემონტაჟისთვის გონივრული ვადა მისცეს. ის დაზიანებები, რაც ფასადებზეა, ჩვენი სახსრებით აღვადგენთ და მოვაწესრიგებთ. აღდგენის სამუშაოებში დედაქალაქის მერია, გამგეობა და „თბილისის განვითარების ფონდი“ ჩაერთვება. იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენ მიერ დადგენილ გონივრულ ვადაში მოხდება დემონტაჟი, არ მოგვიწევს სხვა, უფრო მკაცრი ზომების მიღება და მომავალში მსგავს ფაქტებს ადგილი აღარ ექნება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მსგავსი თემები