ისნის რაიონში, საცხოვრებელი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა

კომპანია „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, ისნის რაიონში საცხოვრებელი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა.

კომპანიის ცნობით, იორის შესახვევის ერთ-ერთ სახლში მცხოვრებმა სწრაფი რეაგირების სამსახურს ცხელი ხაზის მეშვეობით ინფორმაცია მიაწოდა, რომ ქუჩაში ძლიერი გაზის სუნი იგრძნობოდა.

„თბილისი ენერჯის სწრაფი რეაგირების ჯგუფმა ადგილზე მისვლისთანავე შემოწმებისას დაადგინა, რომ ერთ-ერთი დაკეტილი სახლის მრიცხველის ამთვლელი მექანიზმი ბრუნავდა. 114-ის სპეციალისტებმა მრიცხველი სასწრაფოდ გადაკეტეს. მეზობელმა დაკეტილი ბინა გააღო. სპეციალური აპარატით შემოწმებისას, ბინაში გაზის მაღალი კონცენტრაცია დადგინდა, ასევე აღმოჩნდა, რომ სახლში გაზის ცენტრალური ონკანი ღია იყო, საიდანაც გაზი ჟონავდა. ბინის განიავებისა და საფრთხის განეიტრალების პარალელურად შემოწმდა გარე პერიმეტრი, ჭები და მეზობელი სახლები. რამდენიმე ბინაში ასევე დაფიქსირდა გაზის მაღალი კონცენტრაცია. სპეციალისტების მიერ მიმდებარე ტერიტორიაზე გაზგაყვანილობა სრულად შემოწმდა“, – აღნიშნულია კომპანიის ინფორმაციაში.

კომპანია „თბილისი ენერჯი“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს აბონენტებს, სახლიდან გასვლის წინ არ დატოვონ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში.

მსგავსი თემები