ირმა ინაშვილი 3 000 ლარიანი ჯარიმების ჩამოწერას ითხოვს

“პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი საგანგებო მდგომარეობის პირობებისა და ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის გამო 3000-ლარით დაჯარიმებული მოქალაქეებისთვის ჯარიმის ჩამოწერის ინიციატივით გამოდის.

“მე მინდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ეს 3000-ლარიანი ჯარიმები რაღაცნაირად წავიყვანოთ გაუქმებისკენ და ჩამოეწეროს ყველას, იმიტომ, რომ ადამიანმა, რომელმაც თივა გაყიდა და საერთოდ არ იცოდა რა ჯარიმა იყო დაწესებული, რა საგანგებო მდგომარეობა იყო და გვიან მიიღო ეს ინფორმაცია, მთელი სიცოცხლის მანძილზე უნდა იყიდოს ეს თივა, რომ ეს 3000 ლარი გადაიხადოს”, – განაცხადა ინაშვილმა.

როგორც ინაშვილმა პარლამენტის საგანგებო სხდომაზე აღნიშნა, მისი ფრაქცია საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარს არ უჭერს და მთავრობას მოუწოდებს, შეზღუდვები შეამსუბუქოს.

“არ არის სწორი სრული ბლოკირების პოლიტიკა. ჩვენი მოწოდებაა, გავაუქმოთ საგანგებო მდგომაროება, გავაუქმოთ ე.წ. კომენდანტის საათი, მაგრამ მთავრობამ შეინარჩუნოს კარანტინის რეჟიმი და კარანტინის პირობებში განვაგრძოთ ბრძოლა ეპიდემიის წინააღმდეგ”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მსგავსი თემები