ირმა ინაშვილი მეთიუ ბრაიზასა და დევიდ კრამერის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს

“პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ინაშვილი ამერიკელი დიპლომატის, მეთიუ ბრაიზასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწის, დევიდ კრამერის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს.

მისი თქმით, ბრაიზას განცხადება, თითქოს მან საერთაშორისო კონფერენციის მსვლელობისას ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი დაკაწრა, ცილისწამებაა.

„მივმართავ საქართველოს მთავარ პროკურატურას დაიწყოს გამოძიება ცილისწამებასა და ტყუილთან დაკავშირებით. დაიკითხოს ყველა დამსწრე, ვინც იყო იმ წუთებში დარბაზში. დაიკითხოს კრამერიც და ქალბატონი ნინო ევგენიძეც. ყველამ აგოს პასუხი ჩემს მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე. ვითხოვ დაიწყოს გამოძიება კრამერისა და მეთიუ ბრაიზას წინააღმდეგ. ცილისმწამებელი და მატყუარა არის მეთიუ ბრაიზა. მოძალადე და მატყუარა არის დევიდ კრამერი“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.  

პოლიტიკური პარტია 15 სექტემბერს, 16:00 საათზე, ამერიკის საელჩოსთან საპროტესტო აქციის გამართვას აპირებს. 

როგორც ინაშვილმა გუშინდელ ბრიფინგზე განაცხადა, აქციაზე მათი ერთ-ერთი მოთხოვნა იქნება, რომ დევიდ კრამერს საქართველოში ჩამოსვლა აეკრძალოს.

მსგავსი თემები