ირმა ინაშვილი ლორა ტორნტონის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს

„პირდაპირ ვამბობ, რომ „ენდიაის“ თბილისის ოფისის ხელმძღვანელი, ქალბატონი ლორა, ვფიქრობ, დაინტერესებულია ფინანსურად „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებისგან. ადგილი აქვს კორუფციას და ის ფულს იღებს ამ კვლევებში”, – ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა.

“მოვითხოვ, დაიწყოს გამოძიება საგამოძიებო სტრუქტურებმა, მითუმეტეს, როცა „ენდიაი“ და „აირაი“ თანამშრომლობენ ქართულ კომპანიებთან. ეს დანაშაული ხდება საქართველოს ტერიტორიაზე“ – აღნიშნა ინაშვილმა.

ინაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, ამერიკის კონგრესს, სენატსა და აშშ-ის ხელისუფლებას მიეწოდოს ინფორმაცია საქართელოში “ენდიაისა” და “აირაის” საქმიანობასთან დაკავშირებით. “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი 26 იანვრიდან აშშ-ს საელჩოსთან აქციასაც აანონსებს.

„ყველა კონგრესმენი და სენატორი, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, ამერიკის ახალი ელჩი, რომელიც ჩამობრძანდება მალე საქართველოში, მიიღებს დეტალურ ინფორმაციას. ჩვენ არ ვაპირებთ მხოლოდ ბრიფინგების ჩატარებას. ჩვენ ვაპირებთ მოქმედებას.

მივმარათავთ ამერიკის ხელისუფლებას, რომ იმოქმედოს, შეაჩეროს ეს ტყუილი და დაასრულოს საქართველოში „ენდიაის“ და „აირაის“ ასეთი მავნე საქმიანობა, რაც ძალიან აბრაზებს ქართველ ხალხს. ალბათ ყველა ხვდება, რომ ქალბატონ თორნტონს ბანანის რესპუბლიკა ვგონივართ და ატარებენ ექსპერიმენტს, ლაბორატორიას ქმნიან, მაგრამ მას მივმართავ, ჩვენ არ ვართ ექსპერიმენტების პოლიგონი, არ ვართ ბანანის რესპუბლიკა, რომ ასე ჩუმად და მოთმინებით კულტურულად ვიტანდეთ, როგორ ანგრევთ ქართულ სახელმწიფოს”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მსგავსი თემები