ირანიდან ნარკოტიკის სხვადასხვა მეთოდებით შემოტანა გახშირდა – ალი ბაბაევი

“საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის” თავმჯდომარე ალი ბაბაევი, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მკაცრად გაკონტროლდეს ქვეყანაში ნარკოტიკული ნივთიერებების არალეგალური გზით შემოტანის წყაროები და აცხადებს, რომ ბოლო ხანებში ნარკოტიკი ძირითადად ირანიდან, სხვადასხვა მეთოდებით შემოდის.

როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ალი ბაბაევმა დღეს განაცხადა, ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებასა და რეალიზაციასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემებია ქვემო ქართლში, ასევე, თბილისის შემოგარენში, სოფელ ფონიჭალაში. ადგილობრივი მოსახლეობა აქტიურად არის დაკავებული ნარკორეალიზაციით, ხშირად ეს საოჯახო ბიზნესად არის ქცეული.

“წინა ხელისუფლების დროსაც 300-ზე მეტი ადამიანი იყო დაჭერილი ნარკომოხმარებისა და რეალიზაციისთვის. ფონიჭალაში, ერთი ოჯახიდან 3 პირიც კი დააკავეს ნარკოტიკის რეალიზაციისთვის, ეს დღესაც პრობლემაა, გუშინ კიდევ დააკავეს საქართველოს მოქალაქეები. გახშირდა ირანიდან ნარკოტიკის შემოტანა სხვადასხვა მეთოდებით. ადგილობრივი მოსახლეობა მოითხოვს, ხელისუფლებამ გაამკაცროს კონტროლი, რომ ნარკოტიკი არ შემოვიდეს ქვეყანაში. საიდან მოდის ეს ნარკოტიკი ფონიჭალაში, მიწიდან ხომ არ ამოდის”, – აცხადებს ალი ბაბაევი.

მსგავსი თემები