“ირაკლი შოთაძის გადადგომა შეცდომა იყო, თუ დაბრუნდება, მივესალმები” – თეა წულუკიანი

“ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ იმაში, რომ ადამიანი, რომლის წასვლაც იყო შეცდომა, თუ კი მას მხარდაჭერა ექნება, დაბრუნდეს. მე ამას მხოლოდ მივესალმები”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„მე ირაკლი შოთაძის წასვლაში კითხვის ნიშანი მქონდა და დღესაც ვფიქრობ, რომ ის არ უნდა გადამდგარიყო. როდესაც სისხლის სამართლის კონკრეტულ საქმეზე ჩნდება კითხვები, ან საზოგადოებას აქვს განცდა, რომ პროკურატურას რომელიღაც ბრალდებული არ უნდა გამართლებოდა სასამართლოში, ან რომელიმე ბავშვისთვის მისჯილი სასჯელი არ არის საკმაოდ პირსისხლიანი, ამიტომ, არ უნდა გადადგეს მთავარი პროკურორი. მისი გადადგომა იყო შეცდომა, ეს ხმამაღლა ვთქვი, თუმცა მე ვესწრებოდი ამ პროცესს, როდესაც ვთხოვე, რომ ეს გადაწყვეტილება არ მიეღო. გადაწყვეტილება იყო, რა თქმა უნდა, რთული, მაგრამ ღირსეული ნაბიჯი. მე ამას დღეს უფრო მკაცრად ვაფასებ და მისი წასვლა იყო შეცდომა. შესაბამისად, ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ იმაში, რომ ადამიანი, რომლის წასვლაც იყო შეცდომა, თუ კი მას მხარდაჭერა ექნება, დაბრუნდეს. მე ამას მხოლოდ მივესალმები“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანის თქმით, პროკურატურა, სასამართლო და იუსტიციის მინისტრი ფარსი სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პირობებში იყო.

„პროკურატურა, სასამართლო და იუსტიციის მინისტრი ფარსი სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პირობებში იყო. მაშინ, როდესაც იუსტიციის მინისტრი იყო იმავდროულად გენპროკურორი, შემდეგ ქუდს შემოიტრიალებდა და იყო მოსამართლეების უფროსიც. ეს იყო მთელი ფარსი, როდესაც მართლმსაჯულება არ ხორციელდებოდა ამ ქვეყანაში. დღეს თანმიმდევრული რეფორმების წყალობით, ჩვენ გვაქვს დამოუკიდებელი პროკურატურა, რომელიც თურმე დღეს ოპოზიციას არ მოსწონს. ეს კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს, რომ უბრალოდ მათი ხელისუფლებაში დაბრუნება არ შეიძლება. როდესაც ადამიანი აცხადებ, რომ არ მოგწონს დამოუკიდებელი პროკურატურა, ეს ნიშნავს, თუ ხელისუფლებაში აღმოჩნდები, დაბრუნდები უკან, რომელი წარსულიდანაც ძლივს, ნელ-ნელა გამოვდივართ. შესაბამისად, არავითარი ფარსი ამჟამად არ მიმდინარეობს. მიმდინარეობს საპროკურორო საბჭოსთვის საკმაოდ დამღლელი და კომპლექსური პროცესი, რის შემდეგაც კენჭი ეყრება თითოეულ კანდიდატს და ვნახოთ, რა შემადგენლობა წარედგინება პარლამენტს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მსგავსი თემები