“ირაკლი შოთაძესთან დაკავშირებით კენჭისყრა დღეს ჩატარდება, ბუნებრივია, მას მხარს დავუჭერთ” – მამუკა მდინარაძე

გენერალური პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძესთან დაკავშირებით კენჭისყრა დღევანდელ სხდომაზე გაიმართება. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ  განაცხადა. 

მდინარაძე ამბობს, რომ ირაკლი შოთაძეს „ქართული ოცნების“ გუნდის მხარდაჭერა ექნება.

„ირაკლი შოთაძესთან დაკავშირებით კენჭისყრა იქნება დღეს, მაგრამ მანამდე დაგეგმილია, პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიში, რომელთან დაკავშირებითაც იქნებიან მათ შორის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ქართული საზოგადოება მოისმენს, რას აკეთებდა პარლამენტი 2019 წელს. 400-ზე მეტი კანონი მიიღო პარლამენტმა 2019 წელს, რაზეც ჩვენი ოპონენტები არ საუბრობენ. მიხეილ სააკაშვილის საქმე, რომელიც გასამართლდა გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით და სტრასბურგის სასამართლომაც გასცა რეკომენდაციები, გელაშვილის საქმე, სწორედ ამ საქმეებს ვერ პატიობენ „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი სატელიტი პარტიების წარმომადგენლები ირაკლი შოთაძეს. ირაკლი შოთაძე არის ადამიანი, რომლის გენერალურ პროკურატურასაც აპროტესტებს ის ხალხი, რომლების არჩეულ გენპროკურორს არც კი ვკადრებ რომ ირაკლი შოთაძე შევადარო. მათ ჰყავდათ ისეთი პოლიტიკური ნების გამტარებელი მთავარი პროკურორი, რომელიც ორიენტირებული იყო უდანაშაულო ადამიანის დასჯაზე, ქონების წართმევაზე და ა.შ.

ირაკლი შოთაძე არის ადამიანი, რომელმაც ერთი კითხვის დასმისთანავე დატოვა თანამდებობა. ბუნებრივია, ჩვენ მას მხარს დავუჭერთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი თემები