„ირაკლი ღარიბაშვილს, სხვებისგან განსხვავებით, უკან ქვები არ უსვრია“ – დიმიტრი ხუნდაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებით გამოწვეულ აჟიოტაჟს რეალურ მოვლენად აფასებს და თვლის, რომ ეს იყო ცუდი სიურპრიზი ოპოზიციისთვის, ხოლო კარგი სიურპრიზი ხალხისთვის.

„ხანგრძლივ პერიოდზე გათვლილი პოლიტიკა სწორედ ისეთ სვლებს მოითხოვს, როგორიც დღეს განხორციელდა – პოლიტიკიდან გაიყვანო პიროვნება მაშინ, როდესაც მისი რეიტინგი ზენიტშია და შემოიყვანო მაშინ, როდესაც გსურს პოლიტიკური ტემპერატურის აწევა გადამწყყვეტ მომენტში. ასე რომ, ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება ორ მიზანს ემსახურება: მოახდინოს მობილიზება პარტიაში და ხალხმაც იგრძნოს რეალური ცვლილებები, რაც ხისტი პოლიტიკის გატარების გარეშე შეუძლებელია. დღეს სწორედ ეს არის საზოგადოების მოთხოვნა“ – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი დიმიტრი ხუნდაძე.

დეპუტატის თქმით, ოპოზიციის შეფასება იმის შესახებ, რომ ღარიბაშვილის დაბრუნება მმართველ პარტიაში კრიზისზე მიუთითებს, მცდარია: „თუ რეიტინგული პიროვნების პოლიტიკაში დაბრუნება კრიზისია „ქართული ოცნებისთვის“, მაშინ „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან გაერთიანებული ოპოზიცია ღრმა კრიზისში ყოფილან, რადგან ამდენი წელია უმცირესობის მოსაპოვებლადაც კი ისევ ურეიტინგო და დამნაშავე მიხეილ სააკაშვილის დახმარება სჭირდებათ. „ქართულ ოცნებაში“ დაბრუნების უფლება ყველას აქვს, ვისაც ხიდები არა აქვს დამწვარი. ირაკლი ღარიბაშვილს, სხვებისგან განსხვავებით, უკან ქვები არ უსვრია და სწორედ ეს არის მისი მთავარი ღირსება, როგორც ჩვენი თანაგუნდელის“, – აღნიშნავს ხუნდაძე.

მისი განცხადებით, მმართველი გუნდის ოპონენტები ქაოსის დემოკრატიის მანტიით შემოსვას ცდილობენ: „დემოკრატია არ ნიშნავს ქაოსს. დღეს ჩვენი ოპონენტები ცდილობენ, ქაოსი დემოკრატიის მანტიით შემოსონ. მათი მიზანია, ქვეყანაში არ დამყარდეს წესრიგი და ამისთვის მუდმივად შეაქვთ პანიკური ქაოსი ხალხში. როცა ოპონენტებს ასეთი სტრატეგია აქვთ არჩეული, ჩვენ სხვა გზა არ გვრჩება, გარდა იმისა, რომ ვაწარმოოთ პრინციპული პოლიტიკა უპირველეს ყოვლისა პარტიაში, რაც მხოლოდ და მხოლოდ საქმის შედეგზე იქნება გათვლილი. რაც მთავარია, შეცდომები არ უნდა დავუშვათ და მითუმეტეს, არ უნდა გავიმეოროთ“.

მსგავსი თემები