ირაკლი ოქრუაშვილი წყენას ივიწყებს – გრიგოლ ვაშაძე ექსმინისტრს სახლში ესტუმრა

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მთავრობის ყოფილი წევრი, თავდაცვის ექსმინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც წლების წინ, “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების მიერ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის სისხლის სამართლის დამნაშავედ გამოცხადდა, მზად არის წყენა და გაბრაზება დაივიწყოს და საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის გვერდით დადგეს.

ვაშაძე-ოქრუაშვილის შეხვედრა დღეს შედგა.

პრეზიდენტობის კანდიდატი ყოფილ მინისტრს სახლში ესტუმრა.

„მადლობა მინდა გითხრათ ჩვენს ოჯახში სტუმრობისთვის. დიდი პატივია და მე მესმის ეს ახლა რასაც უკავშირდება. ასევე, მშვენივრად ვაცნობიერებ იმას, რომ ქვეყანა არის ჩიხში შესული და ჩიხიდან გამოყვანა სჭირდება. თქვენ ამას რამდენად შეძლებთ, ხალხზეა დამოკიდებული და მინდა, რომ წარმატება გისურვოთ“,- ასე მიმართავს ირაკლი ოქრუაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს.

გრიგოლ ვაშაძე ოქრუაშვილს მასპინძლობისა და გვერდში დგომისთვის მადლობას უხდის: „დიდი ხანია ამის გაკეთება მინდოდა და მომეცა საშუალება კარგი, კაცური, ქართული საუბარი გვქონდა. ის ტაიმ-აუტი, რაც ავიღეთ, კარგი იქნება დავფიქრდეთ კიდევ ერთხელ და შემდეგ ის ნაბიჯი გადავდგათ, რომელიც ჩვენს გონებას, გულს და სინდისს შეესაბამება“.

როგორც ოქრუაშვილი აცხადებს, როცა საქმე ქვეყანას ეხება, პირადული არ არსებობს.„როდესაც საქმე ეხება ქვეყანას, მე პირადულს ყოველთვის ვივიწყებდი და შევძლებ, რომ ახლაც დავივიწყო. დანარჩენი, ცოტა დამაცადეთ და ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩვენს ხალხს უნდა… თუ რამე პირობა მექნება, ეს არის ის, რომ ჩემი შვილები გაიზარდონ უკეთეს საქართველოში”, – აცხადებს ოქრუაშვილი.

აღსანიშნავია, რომ ​ირაკლი ოქრუაშვილი საფრანგეთს 2007 წლიდან, პოლიტიკური დევნილის სტატუსით აფარებდა თავს. სამშობლოში დაბრუნება მან მხოლოდ 2012 წლის არჩევნების შემდგომ შეძლო, როდესაც ხელისუფლებაში საპარლამენტო უმრავლესობით კოალიცია “ქართული ოცნება” მოვიდა.

მსგავსი თემები