ირაკლი კობახიძე მთავრობაში დამატებითი რგოლის გაჩენას არ ადასტურებს

„რაიმე დამატებითი რგოლის გაჩენაზე მთავრობის სტრუქტურაში, საუბარი არ არის, პირიქით, ჩვენი ამოცანა არის ის, რომ მაქსიმალურად რაციონალური იყოს მთავრობაში სტრუქტურა და ამ პრინციპით ვიმოქმედებთ”,- აცხადებს  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის გუშინ გამართულ სხდომაზე სახელმწიფო მდივნის ან სხვა კონკრეტულ თანამდებობასთან დაკავშირებით, დისკუსია არ გამართულა.

“ჩვენ გვქონდა, ზოგადად, დისკუსია. აქ არ იყო დისკუსია სახელმწიფო მდივანზე ან რაიმე კონკრეტულ თანამდებობაზე. აქ არ არის საუბარი, ზოგადად, რაიმე რგოლის დამატებაზე. საუბარია იმაზე, რომ მსხვილი სამინისტროების პირობებში ხომ არ არის მიზანშეწონილი მეორე დონის, ეს არის მინისტრის მოადგილის დონის,  გამოკვეთა და მათთვის კონკრეტული, ასე ვთქვათ,  მიმართულებების განსაზღვრა. ეს იყო ზოგადი ინიციატივა, რომელზეც გრძელდება, რა თქმა უნდა, მსჯელობა.  ჩვენ ვრჩებით იმ, ასე ვთქვათ, სტრუქტურაში, რომელიც არის დღეს წარმოდგენილი  მთავრობაში – ეს არის -მინისტრი და მინისტრის მოადგილე. იქ რაიმე მოდიფიკაცია თუ განხორციელდება, ამაზე იმსჯელებს გუნდი და ამაზე იქნება მიღებული გადაწყვეტილება”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის პროცესი ივლისის პირველ კვირაში დასრულდება და კონსულტაციები მთავრობის შემადგენლობასთან დაკავშირებით ამის შემდეგ დაიწყება.

„ჯერჯერობით კონსულტაციები მიმდინარეობს მხოლოდ და მხოლოდ სტრუქტურასთან დაკავშირებით. ჩვენ უნდა მივიღოთ, პირველ რიგში, კანონი- „მთავრობის შესახებ კანონში“ ცვლილებები და მას შემდეგ, რაც ეს პროცესი დასრულდება და ეს მოხდება ივლისის პირველ კვირაში, სავარაუდოდ, ამის შემდეგ უკვე დაიწყება კონსულტაციები თვითონ მთავრობის შემადგენლობასთან დაკავშირებით. ინიციატივა აქ ეკუთვნის, რა თქმა უნდა, თავად პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს. ის წარმოადგენს კონკრეტულ კანდიდატურებს და ამის შემდეგ გვექნება ჩვენ მსჯელობა უკვე საპარლამენტო ფორმატში“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

რაც შეეხება საქართველოს მთავრობის პერსონალურ შემადგენლობას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა.

“ჯერ უნდა დაველოდოთ პრემიერ-მინისტრის წინადადებას და ამის შემდეგ შეიძლება ჩვენ გავაგრძელოთ კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით. ეს არის პრემიერის პრეროგატივა. ვიდრე ის არ ისარგებლებს ამ პრეროგატივით, დამატებითი კომენტარების გაკეთება ჩვენი მხრიდან არ იქნება სწორი“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, საუბარია საქართველოს მთავრობაში 14 მინისტრის ნაცვლად, 11 მინისტრის არსებობაზე. მისი განცხადებით, ამ ეტაპზე, ეს არის გამართული კონსულტაციების შედეგი. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მთავრობის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში ჩამოყალიბდება.

„საუბარია 14 მინისტრის მაგივრად 11 მინისტრის არსებობაზე მთავრობაში. შესაბამისად, 13 სამინისტროს მაგივრად იქნება 10 სამინისტრო. ეს არის ამ ეტაპზე შედეგი ჩვენი კონსულტაციების. ეს კონსულტაციები გრძელდება და საბოლოოდ, მე ვფიქრობ, ხვალ, ზეგ უკვე გამოიკვეთება  გუნდში პოზიცია რეორგანიზაციასთან დაკავშირებით. დღეს გვექნება ჩვენ კონსულტაციები უმრავლესობა – მთავრობის ფორმატში. პრემიერი შეხვდება უმრავლესობას გაფართოებულ ფორმატში და ვფიქრობთ, რომ დღეს, ხვალ უკვე საბოლოო, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილება იქნება ჩამოყალიბებული უმრავლესობაში მთავრობის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ ამოსავალი წერტილი მაქსიმალურად ეფექტიანი მართვის სისტემაა.

„მთავარი ამოსავალი წერტილი ამ ეტაპზე არის ის, რომ მართვის სისტემა გახდეს მაქსიმალურად ეფექტიანი და ლოგიკას დაექვემდებაროს ის სტრუქტურა, რომელიც იქნება ჩამოყალიბებული მთავრობაში. ანუ, კონკრეტული ლოგიკის მიხედვით უნდა განისაზღვროს ის მიმართულებები და ამ მიმართულებებშიც შეიქმნება სამინისტროები. ეს არის მთავარი ამოსავალი წერტილი. რაც შეეხება თვითონ ხარჯების ოპტიმიზაციას და ა.შ. ეს არის, რა თქმა უნდა, დისკუსიის საგანი, თუმცა პირდაპირ არ არის დაკავშირებული, რა თქმა უნდა, სამინისტროების რაოდენობა ადმინისტრაციულ ხარჯებთან. თუმცა, ბუნებრივია, კონსულტაციები გაგრძელდება და ამასთან დაკავშირებითაც გვექნება მსჯელობა“,- განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე განმარტებით, მთავარი ამოცანა, ამ შემთხვევაში, ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება არ არის.

„მთავარი ამოცანა, ამ შემთხვევაში, არ არის ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება, მთავარი ამოცანა გახლავთ ის, რომ ჩვენ მივიღოთ შედეგად ეფექტიანი და რაციონალური სამთავრობო სტრუქტურა. ეს არის მთავარი ამოცანა. რაც შეეხება სხვა საკითხებს, რომლებიც არის, რა თქმა უნდა, დაკავშირებული, საბოლოო ჯამში, სტრუქტურასთან, ამაზე გაგრძელდება მსჯელობა. მთავარი ამოცანა არის ის, რომ მაქსიმალურად მობილური, მოქნილი იყოს სამთავრობო სტრუქტურა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები