“ირაკლი კობახიძემ ივანიშვილს პარტიიდან ექვსი ადამიანის გარიცხვა შესთავაზა” – გედევან ფოფხაძე

პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას, მისი და მმართველი გუნდის რამდენიმე წევრის ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა გაიხსენა და განაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს საპარლამენტო უმრავლესობიდან დეპუტატების გარიცხვა სამაგალითოდ სურდა.

აღნიშნულის შესახებ კი, გუნდის წევრებს ბიძინა ივანიშვილმა გასული წლის გაზაფხულზე თავად განუცხადა.

„ესენი ვიყავით – მე, ნუკრი ქანთარია, ზაზა პაპუაშვილი, რომან კაკულია, ლევან კობერიძე და დავით ჭიჭინაძე. ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა საზოგადოებრივ მაუწყებელში ნინია კაკაბაძის არჩევასა და ჩემს განცხადებას მოჰყვა.

ბაქოს არჩევნებიდან საქართველოში ვბრუნდებოდი, როცა თვითმფრინავში გია ვოლსკის ზარი შემოვიდა, რომ ბიძინა ივანიშვილს ნახვა სურს, შეხვედრა დანიშნულია და უნდა შეხვდეო. შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ მზად იყო, მედიატორი ყოფილიყო, ურთიერთობები დაელაგებინა და საკითხი საერთოდ არ უნდა დამდგარიყო ვინმეს გარიცხვის თაობაზე.

მან გვითხრა ისიც, რომ ირაკლი კობახიძემ ექვსი ადამიანის გარიცხვა შემომთავაზაო, თუ ამ ადამიანებს გავრიცხავთ, ვითარება დალაგდებაო. მაშინ ბევრი კონფლიქტი იყო ირაკლი კობახიძის მხრიდან, იგივე ბიძინა გეგიძესთან მომხდარი კონფლიქტი, რომლისთვისაც ბოდიშის მოხდა მოუწია. მას ბიძინა გეგიძესთან ცოტა ზედმეტები მოუვიდა“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

მსგავსი თემები