“ირაკლი კვარაცხელიას სიცოცხლე რუსეთის ფედერაციას, რაც შეიძლება ძვირად უნდა დაუჯდეს” – იურისტი

“ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ირაკლი კვარაცხელიას სიცოცხლე რუსეთის ფედერაციას, საერთაშორისო სასამართლოში, რაც შეიძლება ძვირად დაუჯდეს”, – ამის შესახებ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ცენტრ “ემპათიის” იურიდიული დეპარტამენტის იურისტმა, გიგა ლემონჯავამ, გალში დაღუპული, 29 წლის ირაკლი კვარაცხელიას საქმეზე.  

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებას არ გააჩნია მწყობრი სადეოკუპაციო პოლიტიკა, რაც ძალიან სამწუხაროა. ოკუპაციის ზონებში უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებების, რაზეც პასუხი მოსკოვს უნდა მოეთხოვოს.  

ლემოჯავას თქმით, ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად ექსპერტიზის დასკვნა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა, ამის გარეშეც სახეზეა მძიმე დანაშაული. 

“მიუხედავად იმისა, რა დასკვნა მოვა ექსპერტიზიდან, ჩვენ სამართლებრივად შეიძლება გვქონდეს ამ ფაქტის ორი განვითარება. ერთი არის მკვლელობა, მეორე – თვითმკვლელობამდე მიყვანა, ორივე მათგანი არის ადამიანის უფლებათა სტანდარტების, შიდასაკანონმდებლო რეგულაციების და საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების უხეში დარღვევა. მისი დაკავება უკვე იყო არალეგალური და უკანონო. ის დააკავეს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა და გადაიყვანეს, საოკუპაციო ზოლში არსებულ რუსეთის სამხედრო ბაზაზე. დაკავების ადგილით დაწყებული და შედეგით დამთავრებული, ამ საქმის ყველა ფაზა არის ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ირაკლი კვარაცხელიას სიცოცხლე რუსეთის ფედერაციას რაც შეიძლება ძვირად დაუჯდეს საერთაშორისო სასამართლოში”, – განაცხადა გიგა ლემონჯავამ “მთავარში”.

აღსანიშნავია, რომ გალში გარდაცვლილ, 29 წლის ირაკლი კვარაცხელიას 17 მარტს, სენაკში დაკრძალავენ. ცხედარი ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოასვენეს.

თბილისში ჩატარებულმა პირველადმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მას კისრის არეში დაზიანებები ჰქონდა. არსებობს ვარაუდი, რომ ის ოკუპანტებს წამებისას შემოაკვდათ.

მსგავსი თემები