“იოდის პრეპარატებით პროფილაქტიკა აღარ უნდა ჩატარდეს ბავშვებსა და ოსრულებში” – ლელა სტურუა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის ლელა სტურუას განცხადებით, საქართველოში დაძლეულია იოდდეფიციტი, რაც ნიშნავს, რომ იოდის პრეპარატებით პროფილაქტიკა აღარ უნდა ჩატარდეს არც ბავშვებში, არც ოსრულებში და ზოგდად არც ერთი ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლებში. იოდის პრეპარატები პაციენტს უნდა დაუნიშნონ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა რეალურად დადასტურებული იოდდეფიციტი, – იქნება ეს ვეგანობა, ანუ ცხოველური პროდუქტების გამოყენებაზე უარის თქმა, მარილის საერთოდ არ მიღების ჩვევა და სხვა.

როგორც ლელა სტურუამ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა, იოდის დეფიციტთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ცენტრმა, გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად და იოდის საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლების მონაწილეობით საქართველოში ჩაატარა ნუტრიციული ზედამხედველობის პროგრამა, რომელიც სხვადასხვა მიკროელემენტების დეფიციტს იკვლევს. ორივე კვლევის შედეგად დადასტურდა, რომ იოდის დეფიციტი საქართველოში დაძლეულია. ცალკე ჯგუფად ჩატარდა კვლევა ბავშვებსა და ორსულებში.

“იოდის დეფიციტი არის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთი გლობალური პრობლემა. საქართველო არ არის ამ მხრივ გამონაკლისი, ის არის იოდდეფიციტის ენდემური კერა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნიადაგში, წყალსა და საკვებში იოდის შემცველობა გვაქვს შედარებით ნაკლები, რამაც გამოიწვია 20-ე საუკუნის ბოლოს იოდის დეფიციტის ძალიან ფართოდ გავრცელება. 1996 წლიდან ამოქმედდა იოდდეფიციტის პრევენციის პროგრამა, რომელიც ფუნქციონირებდა 2007 წლამდე. 2005 წლიდან ამოქმედდა ვიტამინების დეფიციტის აღმოფხვრის შესახებ კანონი. გავიდა 10 წელი და 2017 წელს ჩატარდა კვლევა, რომელმაც შეისწავლა იოდის დეფიციტის სტატუსი ქვეყანაში და ძალიან ამაყად შეგვიძლია ვთქვათ, რომ იოდდიეფიციტი საქართველოში დაძლეულია, რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც ბავშვებში, ასევე, ორსულ ქალებში, რომელიც ყველაზე მოწყვლადია იოდის დეფიციტთან დაკავშირებით, იოდი არის ნორმის ფარგლებში”, – აცხადებს ლელა სტურუა.

მისივე ინფორმაციით, იოდის დეფიციტი იწვევს ტვინის განვითარების შეფერხებას, იოდეფიციტური კრეტინიზმის განვითარებას, ჩამორჩენას როგორც გონებრივ განვითარებაში, ასევე ზრდაში. იმავდროულად, მისი პრევენცია ძალიან მარტივია, თუ კი სწორად იქნება მიღებული გადაწყვეტილება.

ლელა სტურუას ინფორმაციით, საქართველოში არაიოდიზირებული მარილი არ შემოდის, ასეთი მარილი მხოლოდ  აფთიაქებში იყიდება, ექიმის რეცეპტის შესაბამისად.  მცირე რაოდენობით, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებმაც არ უნდა მიიღონ იოდიზირებული მარილი.

იოდის ბუნებრივი გზით მიღების  წყაროა  ხილი, ბოსტეული, ხორცის პროდუქრები და სხვა.  ამ გზით ადამიანი იოდის საჭირო რაოდენობის მხოლოდ 40%-ს ღებულობს, დანარჩენილი 60 %-ის მიღება კი ხორციელდება მომზადებული  საკვებით. საქართველოს მოსახლეობისთვის იოდის მიღების ძირითადი წყაროა მარილი.

მსგავსი თემები