ინფრასტრუქტურის სამინისტრო „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან” ერთ-ერთი აქციონერის გასვლას ეხმაურება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან“ ამერიკული ჯგუფი „კონტის“ გასვლაზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “მედიაცენტრი მთავარი” უცვლელად გთავაზობთ.

„ასევე, ვიმედოვნებთ რომ 2019 წლის 15 ოქტომბრისთვის კონსორციუმი წარმოადგენს ბანკებთან საბოლოოდ შეთანხმებულ სესხის პირობებს, კონსორციუმის საკუთარი კაპიტალის შევსებაში მონაწილე ინვესტორებთან მიღწეულ შეთანხმებებს, ხოლო 2019 წლის ბოლოსთვის – პორტის პირველი ფაზის მშენებლობისთვის საჭირო 520 მილიონი დოლარით დაფინანსების ხელმოწერილ ხელშეკრულებებს.

ამასთან, გვინდა გამოვეხმაუროთ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელთა შემადგენლობიდან „კონტი ჯგუფის“ გასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას და საზოგადოებას შევახსენოთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისა და ოპერირების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ 2014 წლის 5 აგვისტოს გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვის (ტენდერის) ძირითადი და აუცილებელი პირობები.

ტენდერის პირობების მიხედვით, პროექტის განხორციელებას საქართველოს მთავრობა ანდობდა იმ პრეტენდენტ კომპანიას, რომელიც დააკმაყოფილებდა ორ ძირითად მოთხოვნას: ექნებოდა ანალოგიური პორტის აშენებისა და მართვის სულ მცირე 5 წლიანი გამოცდილება და მსგავსი პროექტის განხორციელებისთვის აუცილებელი ფინანსური მდგომარეობა.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ შემავალი კომპანიებიდან ერთადერთი კომპანია, რომელიც აკმაყოფილებდა საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებული ტენდერის პირობებს იყო სწორედ ამერიკული კომპანია „კონტი ჯგუფი“. შესაბამისად, შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ტენდერში გამარჯვება განაპირობა კონსორციუმში „კონტი ჯგუფის“ მონაწილეობამ.

საზოგადოების ყურადღება არა ერთხელ გამახვილდა იმაზე, რომ სამწუხაროდ, ტენდერში გამარჯვების შემდეგ „კონტი ჯგუფი“ არ ყოფილა ჩართული პროექტის განხორციელებაში. კონსორციუმში 42 პროცენტიანი წილის ფლობის მიუხედავად, “კონტი ჯგუფს” არ მიუღია მონაწილეობა არც პროექტის დაფინანსებაში, არც კონსორციუმის 120 მილიონ დოლარიანი საკუთარი კაპიტალის შევსებაში, არც დაფინანსების მოძიების თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებებში.

ყოველივე ეს სერიოზულ ეჭვებს იწვევდა „კონტი ჯგუფის“ პროექტში რეალურად არსებობის შესახებ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 2018 წლის 6 დეკემბერს “კონტი ჯგუფის” პრეზიდენტმა კურტ კონტიმ კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭო ოფიციალურად დატოვა.

საყურადღებოა ისიც, რომ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” განცხადება “კონტი ჯგუფის” პროექტიდან გასვლის თაობაზე გაკეთდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც სამინისტრომ ოფიციალური მიმართვით მოუწოდა კონსორციუმის ყველა დამფუძნებელს, მათ შორის “კონტი ჯგუფს”, პროექტის დაფინანსების კუთხით არსებული გამოწვევების გადასაჭრელად, მეტი მხარდაჭერისა და ჩართულობისაკენ.

ვითარების იმდაგვარად წარმოჩენა, თითქოს “კონტი ჯგუფის” გასვლის შემდეგ, ანაკლიის პორტს წარმატებით ააშენებს კონსორციუმის ქართული მხარე, არ შეესაბამება რეალობას.

ანაკლიის პროექტის განხორციელება შეუძლებელია მსგავს პროექტებში გამოცდილი და ფინანსურად ძლიერი სტრატეგიული ინვესტორის გარეშე, რაც ნათლად ჩანს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მაგალითზე.

სწორედ კონსორციუმში „კონტი ჯგუფის“ ფორმალური მონაწილეობის და რეალური სტრატეგიული ინვესტორის თავიდანვე არ არსებობის გამო, 2017 წლიდან დღემდე დაფინანსების მოპოვების ვადების არაერთჯერადი გადავადების და მთავრობის მხრიდან უპრეცენდენტო მხარდაჭერის მიუხედავად, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ დღემდე არ აქვს მოზიდული საკუთარი კაპიტალი, არ აქვს წარდგენილი ბანკებისთვის ტვირთბრუნვის და სესხის სრული უზრუნველყოფის გარანტიები და არ აქვს მიღწეული შეთანხმება ბანკებთან სესხის მიღების თაობაზე.

ამდენად, მოვუწოდებთ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს” უმოკლეს ვადებში წარუდგინოს მთავრობას დროში გაწერილი გეგმა კონსორციუმის 42%-იანი წილის მქონე ამერიკული კომპანია “კონტი ჯგუფის” ტენდერის მოთხოვნებთან შესაბამისი გამოცდილების და ფინანსური მდგომარეობის მქონე დასავლური სტრატეგიული ინვესტორით იგივე მოცულობით ჩანაცვლების თაობაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთის, ამერიკული „კონტი ჯგუფი“, რომელიც ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ერთ-ერთი მსხვილი აქციონერი იყო ანაკლიის პორტის პროექტიდან გავიდა.

მსგავსი თემები