„ინფრასტრუქტურა არის, ფული არის, რესურსი არის, მაგრამ უკან წავედით. ეს პრეზიდენტი არ უნდა აირჩონ“ – ვითარება რაგბის კავშირში

„მილიონიანი ბანკის ვალი, კომერციული ორგანიზაციების ვალი, მუნიციპალიტეტის ვალი და ათასობით საურავი, რის გამოც პრეზიდენტი იძულებულია მიწები გაყიდოს“ – ასე აფასებენ რაგბის კავშირის დღევანდელ ვითარებას ვეტერანი მორაგბეები და მთავარ პრობლემად პრეზიდენტს ასახელებენ, რომელიც არასწორად მართავს.

ვეტერანმა მორაგბეებმა არსებულ რთულ ვითარებაზე „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრეს და მას კრიზისი უწოდეს.

„თუ, დღეს იმაზე უკეთ ვთამაშობთ ვიდრე 4 წლის უკან,  ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვვითარდებით. დღეს ქართული რაგბი უკან მიდის. არადა, ყველაფერი არსებობს, რომ შედეგი გვქონდეს. ფონდმა „ქართუს“ დახმარებით, უპრეცენდენტო, დაახლოებით 200 მილიონის ინფრასტრუქტურა აქვს დღეს კავშირს,  გაჩნდა განვითარების რესურსი, რაც მანამდე არ ყოფილა, არის ფინანსური რესურსი, დიდი ბაზა, ინფრასტრუქტურა, თუმცა, მაინც უკან მივდივართ. მთავარია ის, რომ  კავშირმა ეს ყველაფერი უნდა მართოს ეფექტურად, თუმცა სწორედ აქ ვეჯახებით პრობლემას“ – განაცხადა ვეტერანმა მორაგბემ სანდრო საკანდელიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.   

მან კავშირის დღევანდელი პრეზიდენტის, გოჩა სვანიძის დაპირებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არც ერთი დაპირება შესრულებული არ არის.

„დღევანდელი პრეზიდენტი მოვიდა დაპირებებით, რასაც რაგბის განვითარების სტრატეგიული პროგრამა ჰქვია. აქედან არც ერთი შესრულებულა. ეს პროგრამა ფაქტიურად ჩავარდნილია. რესურსები გადახარჯულია. ხარჯი გაცილებით დიდია ვიდრე წინა პერიოდში.

მაგალითისთვის, ადმინისტრაციული ხარჯები გაზრდილია 55%-ით. დღეს კავშირი შესულია ფინანსურ კრიზისში. აქვს დავალიანებები. 5 მილიონამდე ვალი ბანკებიდან, კომერციული ორგანიზაციების დავალიანებები, მუნიციპალიტეტის დავალიანებები, ერიცხება საურავები და ამ სიტუაციიდან გამოსასვლელად ყიდის ქონებას. გაყიდეს მიწები. ზარალი აუდიტმაც დაადგინა. 2016 წელს ზარალი მილიონამდე ლარი იყო, 2017 -ში 3 მილიონი, 2018-ის შედეგები არ გამოაქვეყნა და დამალა“ – განაცხადა ვეტერანმა მორაგბემ „მედიაცენტრ მთავარში“.    

მან მთავარ პრობლემად კავშირის მართვა დაასახელა და მოახლოებულ არჩევნებზეც ისაუბრა.

„დღეს სერიოზული პრობლემებია მართვაში. ძალიან დიდი ფულია დახარჯული და შედეგი არ გვაქვს. როცა პრეზიდენტი ცუდად მუშაობს, ის არ უნდა აირჩიონ. გარდა ამისა, მას უზურპირებული აქვს ყველაფერი. პრეზიდენტობის ორივე კანდიდატი უკეთესია, ვიდრე მოქმედი. მთავარია არსებული პრეზიდენტი გამოიცვალოს. უნდა მოვიდეს ახალი პრეზიდენტი, რომელიც შეძლებს, კავშირს უკეთესად გაუძღვება“ – განაცხადა საკანდელიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.     

შეგახსენებთ, რომ 30 იანვარს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები იმართება.

„მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება.

მსგავსი თემები