“ინფიცირებული მძიმე პაციენტების გამოჯანმრთელების პერიოდი, შესაძლოა, 3-დან 6 კვირამდე გახანგრძლივდეს” – ხათუნა ზახაშვილი

გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, ინფიცირებული მძიმე პაციენტების გამოჯანმრთელების ხანგრძლივობა, შესაძლოა, 3-დან 6 კვირამდე გახანგრძლივდეს, რაც ჯანდაცვის სისტემისთვის დიდი ტვირთია. 

„რაც შეეხება ინდივიდთა გამოჯანმრთელებას, ეს კიდევ მეორე დიდი ტვირთია საზოგადოებისათვის, რაც ამ ვირუსმა შექმნა. რეალურად ეს აღმოჩნდა დაავადება და ისეთი რესპირაციული ვირუსი, რომელსაც იმაზე უფრო ხანგრძლივი გამოჯანმრთელების პროცესი აქვს, ვიდრე აქამდე კაცობრიობამ იცოდა. საერთოდ აღიწერება ასე, რომ საშუალოდ 2 კვირა სჭირდება გამოჯანმრთელებას, მაგრამ, რეალობაში მძიმე შემთხვევებისათვის ეს პერიოდი შეიძლება 3-დან 6 კვირამდე გახანგრძლივდეს, რაც ნამდვილად დიდი ტვირთია ჯანდაცვის სისტემისთვის და სწორედ ეს არის კიდევ ერთი გამოწვევა რის გამოც, ყველა ჩვენგანმა უნდა მივმართოთ ძალები იმისკენ, რომ რაც შეიძლება ნაკლები მძიმე შემთხვევა დაგვიგროვდეს ერთდროულად და ნაკლებს დასჭირდეს ჰოსპიტალიზაცია“, – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

ხათუნა ზახაშვილმა მოსახლეობას ჰიგიენის წესების დაცვისა და სოციალური დისტანცირებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„დაავადებამ საქართველოში სახე იცვალა. თუ შემთხვევათა პირველ ასეულში თვალნათელი იყო, რომ უფრო ახალგაზრდა ასაკის ადამიანები ავადდებოდნენ, რაც შემთხვევათა ჩამოტანასთან იყო ასოცირებული, ახლა დაგვიდგა დრო, როცა ინფექციის შიდა გადაცემაა. ინფიცირებული ახალგაზრდები, თინეიჯერები, ან სულაც ბავშვები ბრუნდებიან ოჯახებში, იქ, სადაც ჩვენი ცხოვრების სტილის გამო, ცხოვრობენ მოხუცები, ხანდაზმულები და გადასცემენ ამ ინფექციას ხანდაზმულ ადამიანებს. ახალგაზრდებს დაავადება მსუბუქად გადააქვთ, ხშირად არც კი შეიგრძნობენ, რომ ავად არიან, მხოლოდ სპეციალური ჩაკითხვის მერე გაახსენდებათ, რომ რამდენიმე დღე ცხელება, ხველა ჰქონდათ, ცოტა გემოვნება შეეცვალათ კვების დროს, სუნთქვის სიძნელეები ჰქონდათ, სამაგიეროდ, მათი ხანდაზმული მშობლები, ბებიები, ბაბუები, ხვდებიან საავადმყოფოში და საკმაოდ მძიმე ფორმით“, – განაცხადა ხაზაშვილმა.

მსგავსი თემები