ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 31 პაციენტი მკურნალობს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევიდან მათ ცენტრში მხოლოდ ერთი პაციენტია მოთავსებული.

ამჟამად კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 31 ადამიანი მკურნალობს.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ეზუგბაია ამბობს, რომ ქვეყნის მასშტაბით განკურნებული კიდევ შვიდი პირიდან, ორი თბილისის ინფექციური საავადმყოფოს პაციენტია.

რაც შეეხება არსებული პაციენტების მდგომარეობას, კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა და ამჟამად ის მძიმე პაციენტად ითვლება.

„ერთი პაციენტი გვყავდა კრიტიკული, რომელსაც უკვე როგორც კრიტიკულს აღარ მოვიხსენიებთ. ეს არის მძიმე, ინტენსიური პაციენტია, რადგან ჯერჯერობით შემცირებულად, მაგრამ მაინც მოიხმარს ჟანგბადს. მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა, ინტენსიური სიმძიმით ფასდება, ინტენსიურ განყოფილებაში მკურნალობს. პროგნოზირება ჯერ შეუძლებელია.

გვყავს ერთი მძიმე პნევმონიით პაციენტი, რომლის მდგომარეობაც დინამიკაში დასტაბილურდა და აღარ პროგრესირებს. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ახალი პაციენტის მდგომარეობა საშუალოზე მსუბუქია, ვნახოთ, მისი მდგომარეობა როგორ განვითარდება. ამ ეტაპზე ჩვენთან მხოლოდ ორი არასრულწლოვანია“,- აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

მსგავსი თემები