ინტერნეტის ხარისხს ამიერიდან მომხმარებელი გააკონტროლებს

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მომხმარებლების ინტერესების დაცვის მიზნით, ინტერნეტის ხარისხის კონტროლის მექანიზმი აამუშავა. დღეიდან, www.shemaotsme.ge-ს საშუალებით, მუდმივ რეჟიმში იქნება შესაძლებელი ინტერნეტის ხარისხისა და სიჩქარის შემოწმება. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი აღმოაჩენს, რომ პროვაიდერი კომპანია ხელშეკრულების პირობებს არ იცავს, შეულძია საჩივარი კომისიაში გაგზავნოს, რომელიც კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში იმოქმედებს და მას პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება.

როგორც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, ინტერნეტის ხარისხის კონტროლის მექანიზმი, როგორც მომხმარებელს, ასევე კომუნიკაციების კომისიას საშუალებას აძლევს, 24 საათიან რეჟიმში დააკვირდეს, რამდენად იცავენ კომპანიები აბონენტების წინაშე აღებულ ვალდებულებებს.

დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, ხარისხიანი ინტერნეტმომსახურების უზრუნველსაყოფად, კომისია ინტერნეტის მიმწოდებელი კომპანიების მიმართ კანონით გათვალისწინებულ ზომებს გაატარებს.

“ვისაც უჭირს ფილმების ყურება და გადმოწერა, ონლაინ თამაში და უკმაყოფილოა ინტერნეტის ხარისხით, ეს ვებგვერდი სწორედ მათთვისაა – www.sheamotsme.ge. აღნიშნული ვებპლატფორმით უკვე დღეიდან ნებისმიერ მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაზომოს ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარე და ხარისხი, შეამოწმოს რამდენად შეესაბამება მიწოდებული ინტერნეტის ხარისხი მასსა და პროვაიდერ კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს,” – განაცხადეს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში.

ინტერნეტის ხარისხის შესამოწმებლად საჭიროა: შეხვიდეთ ვებ-გვერდზე www.sheamotsme.ge;

შემოწმების დაწყებამდე ყურადღებით გაეცნოთ ინსტრუქციას;

მოწყობილობა, რომლითაც ხარისხს ზომავთ, ინტერნეტის ქსელში შეაერთოთ სადენის (კაბელის) და არა, Wifi-ის საშუალებით;

შემოწმების დაწყებისა და მიმდინარეობის პროცესში, ოპერაციულ სისტემაში არც ერთი სხვა აპლიკაცია არ გახსნათ;

მითითებულ ველში აუცილებლად შეიყვანოთ თქვენი და თქვენი ინტერნეტ პროვაიდერის ზუსტი მონაცემები;

გაზომვის დროს ხარვეზის დაფიქსირების შემთხვევაში, სისტემა მოგცემთ საშუალებას ავტომატურ რეჟიმში შეავსოთ საჩივრის ფორმა და გაგზავნოთ კომუნიკაციების კომისიაში;

იმისთვის, რომ თქვენი საჩივარი არ დახარვეზდეს, აუცილებელია მაქსიმალური სიზუსტით დაიცვათ ინსტრუქცია;

წესების დაცვა ზუსტი მონაცემების მისაღებადაა აუცილებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი საჩივარი გაუქმდება;

შემოწმების საიმედოობისა და სიზუსტის მიზნით, კომისია ამერიკულ კომპანია Visualware -თან თანამშრომლობს. ინტერნეტმომსახურეობის ხარისხი იზომება სწორედ მათი აპარატურით, რომელიც საშუალებას გვაძლევს ერთდროულად გავზომოთ ფიქსირებული ინტერნეტის 5 პარამეტრი: ჩამოტვირთვის სიჩქარე, ატვირთვის სიჩქარე, დაკარგული პაკეტები, ჯიტერი და დაყოვნება.

მსგავსი თემები