იმ ქალებს იყენებთ პოლიტიკურ ძალად, ვინც ტუალეტების ჩასარეცხად გაგზავნეთ – ემიგრანტი ექსპრეზიდენტს

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ინტერნეტსახელით Ia Ia, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მიმართვას ეხმაურება, სადაც ის ქართველ ემიგრანტებს ფინანსურ დახმარებას სთხოვს, რათა საქართველოში რევოლუციური გზით დაბრუნება შეძლოს. 

სტატუსის ავტორი ემიგრანტების პოლიტიკურ ძალად გამოყენებას უსამართლობად აფასებს და აცხადებს, რომ “ამ უბედური ფენის” პოლიტიკურ თამაშში ჩათრევა, მათთვის ფულის მოთხოვნა,  დამრტყმელ ძალად გამოიყენებ და ფარად აფარება, სულ მცირე სირცხვილია, რაც პოლიტიკოსებს უნდა აწუხებდეთ.  

“დღევანდელი ქართველი ქალი მართლა ის გამოდგა, ცხრა უღელი ხარი რომ ვერ აჩერებს. თუ ჩვენი ერის გადარჩენა – გადაჯიშებაზე მიდგება საქმე, ისევ ქალის კისერზე მოტრიალდება ეს კევრი, ვატყობ მე.
ჩვენმა დაჩამიჩებულმა კაცებმა, ისე უხმოდ და უპროტესტოდ გააცილეს ცოლები საზღვარგარეთ, თითქოს ვიღაცის უკანალის ჩასაბანად კი არა, მამიდაშვილის დაბადების დღეზე მიდიოდნენ.
შვილსდანატრებული დედა იცით რა არის?!
არ იცით! 
ბავშვის გასარეცხი ბლუზა რომ მიგაქვს, ინახავ სათუთად და დასაძინებლად ლოგინში მილასლასებული გულში იხუტებ შენი შვილის სურნელშერჩენილ ჩასაცმელს, ცრემლით ასველებ და მონატრება გკლავს, ესაა დღევანდელი მშვენიერი ქართველი ქალი!
კაპიკ-კაპიკ აგროვებ ფულს, ზაფხულში ნაყინს სინდისის ქენჯნით ყიდულობ ათასში ერთხელ;
გული გისკდება ყველა ახალ ამბავზე, რაც საქართველოს ეხება:იქ დარჩენილებზე ადრე რომ იცი, რა ხდება , სად მიწისძვრა იყო და სად ქარმა სახლს ჭერი მოხადა,სად ვინ მოკლეს და ვის ეჩხუბნენ.
გავაგრძელო?!
არა ღირს! 
უჩემოდაც იცით გადასარევად!
ხოდა ამ უბედურ ფენას ჩვენი საზოგადოებისა კიდევ პოლიტიკურ თამაშში რომ ჩართავ, ააბურთავებ და ააგორებ, ფულს მოსთხოვ , დამრტყმელ ძალად გამოიყენებ და ფარად აიფარებ, სირცხვილი არ გაწუხებთ ჩვენო პოლიტიკოსო კაცებო?!
სულ დაკარგეთ სინდისი?!
არავისისტი მე არ ვარ! 
აქედან ცუდად ჩანს, ვინ რას აკეთებდა და აკეთებს. სხვისი სიტყვისა მე ნაკლებად მჯერა.
სწორედ ამიტომ, ვერ ვიტყვი ვინ მართალია და ვინ მტყუანი, მაგრამ ემიგრანტების პოლიტიკურ ძალად გამოყენებას ცუდი სუნი რომ ასდის, ხვდებით ალბათ.
უსამართლობაა იმ ქალების მიმართ, ვინც ტუალეტის ჩასარეცხად გაგზავნეთ და გაიმეტეთ!” – წერს ფეისბუქმომხმარებელი. 

მსგავსი თემები