ილია II იუბილარია, ის 86 წლის გახდა

​სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე იუბილარია. დღეს, 4 იანვარს, მას 86 წელი შეუსრულდა.

პატრიარქს იუბილეს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ულოცავს. მისი თქმით, ქართველ ერს წილად ხვდა განსაკუთრებული პატივი, რომ ქართული ეკლესიის საჭეთმპყრობელად და სულიერ წინამძღოლად ილია მეორე ყავს და ეს სწორედ მაშინ მოხდა, როცა ქვეყანაში მძიმე დროება იდგა.

“დაუღალავად, მამაშვილური სიყვარულითა და მზრუნველობით, იღწვით ჩვენი ქვეყნისა და ერის საკეთილდღეოდ. თქვენ მაგალითს გვაძლევთ ყველას და შთააგონებთ ადამიანებს, გახდნენ უკეთესები და წრფელი სიყვარულით უყვარდეთ სამშობლო და ერთმანეთი. დიდი მადლობა თქვენი სიყვარულისა და ზრუნვისთვის. საქართველოს პარლამენტის სახელით, გულითადად გილოცავთ დაბადების დღეს და გისურვებთ ხანგრძლივ, ჯანმრთელ ცხოვრებას ჩვენი ხალხისა და საქართველოს საკეთილდღეოდ“, – ნათქვამია ირაკლი კობახიძის მილოცვაში.

ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე ილია მეორე, 1977 წლიდან იწოდება – უწმიდეს და უნეტარეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსად.

2010 წლის 21 დეკემბრის სინოდის სხდომის გადაწყვეტილებით, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ტიტულატურა შემდეგნაირად განისაზღვრა: უწმიდესი და უნეტარესი ილია II, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის.

ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ღვთისმოსავ ოჯახში დაიბადა. 1952 წელს ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო.

1957 წლის 16 აპრილს სასულიერო აკადემიის მე-2 კურსის სტუდენტი ილია მეორე საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, მელქისედეკ III -ის ლოცვა- კურთხევით თბილისის წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში ბერად აღკვეცეს და მას სახელად ილია უწოდეს.

1960 წელს მოსკოვის სასულიერო აკადემია პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა.

1963 წლის 26 აგვისტოს საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, ეფრემ მეორის მიერ არქიმანდრიტი ილია ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის ეპისკოპოსად აკურთხეს, 1967 წელს კი ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად გადაიყვანეს. ორი წლის შემდეგ ილია მეორე მიტროპოლიტის ხარისხში აიყვანეს. ილია მეორემ სოხუმში 11 წელი დაჰყო.

საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, დავით მეხუთის გარდაცვალების შემდეგ, 1977 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა კათოლიკოსი ილია მეორე პატრიარქად აირჩია. ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.

საპატრიარქოს ინფორმაციით, პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში 15 ეპარქია იყო და დაახლოებით 30-ზე მეტი მოქმედი ტაძარი. დღეისთვის სულ 46 ეპარქიაა, პატრიარქის ჩათვლით კი, 47 მღვდელმთავარი, მათგან 2 ტიტულარულია. გაიზარდა ტაძრების, მონასტრების, ბერ-მონაზვნებისა და სასულიერო პირების რაოდენობა. დღეისთვის საქართველოში დაახლოებით 2 ათასამდე მოქმედი ეკლესია-მონასტერია და 3 ათასამდე სასულიერო პირი და ბერ-მონაზონი.

მსგავსი თემები