იზა ქავთარაძე მოციმციმე არითმიით გარდაიცვალა – ემიგრანტები დეზინფორმაციას აპროტესტებენ

​იტალიის ქალაქ მილანში, 27 წლის იზა ქავთარაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, მომღერლის ოჯახის წევრები და ახლობლები ეხმიანებიან და მედიასაშუალებებს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან. 

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია “ემიგრანტთა იმედის” ხელმძღვანელი შოთა სიხარულიძე აცხადებს, იზა ქავთარაძე მოციმციმე არითმიით გარდაიცვალა. 

“მილანიდან შემატყობინეს, რომ იზა ქავთარაძეს ძილის დროს გაუჩერდა სუნთქვა. მას ბავშვობიდან ჰქონდა მოციმციმე არითმია – ნერვული სისტემის ფუნქციონირების დარღვევა”, – აცხადებს შოთა სიხარულიძე. 

მისივე თქმით, მას შემდეგ რაც ქართული მედიასაშუალებებით, ქართველი ემიგრანტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, მან გადაამოწმა იტალიური პრესა და ამბობს, რომ იზას შესახებ მსგავსი არსად არაფერი თქმულა. 

“იზა უნიჭიერესი გოგონა იყო. ის იყო მეცო სოპრანო. 1,5 წელია იმყოფებოდა იტალიის ქალაქ მილანში, სადაც მუშაობდა და სწავლობდა”, – აცხადებს შოთა სიხარულიძე.  

აღსანიშნავია, რომ 27 წლის იზა ქავთარაძე მილანში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი გუშინ, დილით ნახეს. მოგვიანებით, ქართულ სოციალურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ნინო ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების შედეგად, სასტუმროს ნომერში დაიღუპა.  

მსგავსი თემები