ივნისის დასაწყისიდან დღემდე თბილისში 82​ ქვეწარმავალი დაიჭირეს

​ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად დედაქალაქში გახშირდა ქვეწარმავლებთან დაკავშირებული გამოძახებები. “112”- ში დღეში საშუალოდ 6-დან 20-მდე ზარი შედის. ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის მაისში 140 ქვეწარმავალი დაიჭირეს, ივნისის დასაწყისიდან დღემდე კი – 82.

როგორც ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს წარმომადგენელმა, შოთა ზანდუკელმა მედიაცენტრ  “მთავარში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აღნიშნული სტატისტიკური მონაცემები არ ნიშნავს იმას, რომ თბილისში ქვეწარმავლების რიცხოვნობა მომატებულია, შესაბამისად პანიკა უსაფუძვლოა.

მისივე ინფორმაციით, ქვეწარმავლებს არ ახასიათებთ მომენტალური გამრავლება და შემოსევის მსგავსი ქმედება.  გამოძახებები ძირითადად ხშირია თბილისის გარეუბნებში, რომელსაც აქვს კავშირი ბუნებრივ არეალთან, იქ ქვეწარმავლების გადაადგილება  და  ადამიანებთან კონტაქტი უფრო ხშირია, შესაბამისად გამოძახებები ოდნავ მეტია იქ.

რაც შეეხება საშიშ ზონებსა და კერებს, ზანდუკელის განმარტებით, ასეთი არეალები თბილისში არ არსებობს.

​ყოველწლიურად ვამბობთ, რომ შესაძლებელია გამოჩნდეს შხამიანი გველი ორთაჭალის, კრწანისის, ფონიჭალას, აფრიკისა და აეროპორტის მიმართულებით ტერიტორიებზე. ამ უბნების ბუნებრივ არეალში გვხვდება უმნიშვნელოდ შხამიანი გველები, მაგრამ ალბათობა არის მინიმუმამდე დაყვანილი რომ შეიძლება მოხვდეს ისინი ადამიანებით დასახლებულ პუნქტში. დედაქალაქში წლეულს იყო გიურზას აღმოჩენის ერთი შემთხვევა, თუმცა საშუალოდ წელიწადში 2-3- შემთხვევა ფიქსირდება, ისიც იმ შემთხვევაში, თუ ქვეწარმავალი შემოყვანილია ტექნიკური გზით, – სამშენებლო მასალას ან ავტომობილს თუ შემოყვება“, – აცხადებს ჰერპეტოლოგი შოთა ზანდუკელი.

მისივე ინფორმაციით, ​ქვეწარმავლის აქტიურობა დამოკიდებულია გარემოზე და ამინდზე. თბილისში გვხვდება 15 სახეობის გველი, ამათგან 2 გველთან მიმსგავსებული უფეხო ხვლიკია. საშუალოდ 100 დაჭერილი ქვწარმავლიდან 50 გველხოკერაა ხოლმე.

გამოძახებებზე რეაგირებას რას შეეხება, დაგვიანებული რეაგირება შეიძლება იყოს 10-15 წუთი. მოგეხსენებათ რა მდგომარეობაა საცობების მხრივ ქალაქში. ასევე შეიძლება იყოს 5 ერთდროული გამოძახება, ასეთ შემთვევაში დროში იზღუდება რეაგირება, მაგრამ არ არსებობს გამოძახება, რომელზეც არ ვახდენთ რეაგირებას. შემოდის თუ არა ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში ზარი ქვეწარმავალთან დაკავშირებით, იმ წამსვე მთელი სამსახური პრიორიტეტს ანიჭებს გველზე გამოძახებას. ძალიან კარგი სპეციალიტებით გვყავს დაკომპლექტებული ჯგუფები. ვერავინ იტყვი, რომ ადგილზე მისვლის დროს ჩვენ მოსახლეობას სათანადო ინფორმაციას არ ვაწვდით”, – აცხადებს შოთა ზანდუკელი.

​მისივე ინფორმაციით, შხამიანი გველის მიერ მოქალაქეების დაკბენის შემთხვევები ბოლო ხანებში არ ყოფილა. თუმცა, დაახლოებით 2 წლის წინ იყო შემთხვევა, როდესაც ქვეწარმავალმა უკბინა ეზოში დამჯდარ ადამიანს.  “შხამიანი გველის მიერ დაკბენის შემთხვევაში საჭირო პროცედურების ჩატარებაა აუცილებელია, ხოლო არაშხამიანის ნაკბენს მკურნალობა არ სჭირდება”, – განმარტავს სპეციალისტი.

მისივე თქმით, ბუნებრივი არეალიდან შემოსული გველები შესაძლოა ბუდობდნენ მაღალ ბალახში, ან იქ სადაც არის ანტისანიტარია. ამ თვალსაზრისით ნუცუბიძის ფერდობი აქტიურად არის შერწყმულია ბუნებრივ არეალთან, შესაბამისად ამ ტერიტორიაზე ყოველთვის არსებობს ეს პრობლემა.

მსგავსი თემები