“ივანიშვილის დაბრუნება ოპოზიციისთვის მეხის გავარდნაა, ქვეყნისთვის კი დამშვიდება“ – დიმიტრი ხუნდაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე, საქართველოს ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას, ოპოზიციისთვის მეხის გავარდნად აფასებს, ქვეყნისთვის – დამშვიდებას პროგნოზირებს, ხოლო თავად ივანიშვილისთვის მსხვერპლის გაღებად მიიჩნევს.

​როგორ “მთავარს” დიმიტრი ხუნდაძემ განუცხადა, ეს გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა და სჯეროდა, რომ ივანიშვილი არ მიატოვებდა მის მიერ დაწყებულ სერიოზულ რეფორმებს. დეპუტატის აზრით, ყოფილი პრემიერის კვლავ პოლიტიკაში დაბრუნება გააერთიანებს მმართველ გუნდს და კვლავ მონოლითურს გახდის მას.

„ ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში მოსვლამდე დიდი ხნით ადრე კარგად ვიცნობდი და ვიცი მისი დამოკიდებულება ყველა იმ საკითხის მიმართ, რასაც იწყებს. მჯეროდა, რომ ის არ მიატოვებდა მის მიერ დაწყებულ სერიოზულ რეფორმებს. თუ იმ პრინციპებს, რითაც მოვედით, საფრთხე დაემუქრებოდა, ის აუცილებლად დაბრუნდებოდა. ამის შესახებ თავად გააკეთა განცხადება წასვლის წინ. ის, რაც ბოლო პერიოდში ხდება „ქართულ ოცნებაში“, ჩვეულებრივი პოლიტიკური მოვლენაა. გუნდში ყოველთვის არის აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ეს  ღირებულებათა სხვადასხვაობაში არ უნდა გადაიზარდოს. როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილმა სწორედ ეს დაინახა და ისევ გუნდის პოლიტიკურ ხელმძღვანელად დაბრუნდა. მისი დაბრუნება გააერთიანებს გუნდს და კვლავ მონოლითურს გახდის”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისივე შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი არ არის მომგებიანი თავად მისთვის, მაგრამ, მომგებიანია ქვეყნისთვის.
​”ჯერ კიდევ ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი და უფრო მეტად გვჭირდება გაძლიერება. მჯერა, ეს მეხის გავარდნა იყო ოპოზიციისთვის, მაგრამ ქვეყანა დამშვიდდება და ყველა კულუარულ ტყუილ-მართალზე საზოგადოებას ექნება ღია პასუხები. ჩავთვალოთ, რომ ეს არის მისგან კიდევ ერთი მსხვერპლის გაღება,“- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

მსგავსი თემები