იაპონურმა კომპანიებმა აუცილებელია იცოდნენ, რომ საქართველო სანდო ქვეყანაა – ტადაჰარუ უეჰარა

ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ წევრებსა და საქართველოში იაპონიის ელჩ ტადაჰარუ უეჰარას და ელჩის მოადგილე ტომონორი ჰასეგავას შორის, პარლამენტში შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური, ეკონომიკური, ტურისტული და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებასა და კიდევ უფრო დაახლოებაზე ისაუბრეს და გარკვეულ გეგმებზეც შეთანხმდნენ.

როგორც ფრაქციის თავმჯდომარე ბიძინა გეგიძემ აღნიშნა, საქართველოსა და იაპონიის მთავრობებს შორის მაღალი დონის ოფიციალური ვიზიტები აქტიურად იმართება, რაც ქვეყნებს შორის მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. საუბრის თემატიკა შეეხო საქართველოს მზარდ საექსპორტო და ტურისტულ პოტენციალს, ხელსაყრელ საინვესტიციო კლიმატსა და ბიზნესგარემოს, რამაც ხელი უნდა შეუწყოს საქართველოსა და იაპონიას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას.

ფრაქციის წევრებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს და აღნიშნეს, რომ იაპონიის მთავრობის გრანტებისა და იაპონური ინვესტიციების დახმარებით, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება საქართველოში.

ელჩმა, ტადაჰარუ უეჰარამ ფრაქციის წევრებთან საუბრისას აღნიშნა, რომ რომ იაპონური კომპანიები საკმაოდ დიდ ინტერესს გამოხატავენ საქართველოს მიმართ, რაც განპირობებულია ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესებით. ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოსა და იაპონიას დიდი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა გააჩნიათ, რაც ურთიერთობების გაღრმავებისა და კულტურული დიალოგის გააქტიურების საფუძველი უნდა გახდეს.

”ჩვენ გვაქვს 3 ძირითადი მიმართულება: საქართველოში იაპონური კომპანიების მოზიდვა; იაპონური კულტურის განვითარება და შემოტანა თქვენს ქვეყანაში, რადგან, ჩაის კულტურის გარდა ჩვენ არაერთი კულტურა გაგვაჩნია, რომლის საქართველოში შემოტანა შეიძლება და მესამე – ადამიანებს შორის კავშირი. მაგალითად, აკადემიური პროგრამები, განათლების მიმართულება, სესიები ახალგაზრდებთან. ადამიანების კავშირები აუცილებელია ქვეყნების დასაკავშირებლად და გასაცნობად. იაპონური კომპანიების მოსაზიდად აუცილებელია, მათ იცოდნენ, რომ საქართველო სანდო ქვეყანაა. ტურისტული მიმართულებაც უნდა გაიზარდოს. მნიშვნელოვანია პირდაპირი ფრენები და ამ საკითხზე ავიაკომპანიების ხელმძღვანელებთანაც მქონდა შეხვედრა. ასევე მნიშვნელოვანია, მთავრობას, პარლამენტსა და კერძო სექტორს შორის მეტი კავშირი იყოს, რომ შედეგი დადგეს“, – აცხადებს ტადაჰარუ უეჰარა.

მხარეებმა სპორტზეც, კერძოდ რაგბიზე ისაუბრეს. იაპონიის ელჩმა აღნიშნა, რომ რაგბი იაპონელებსაც უყვართ და ქართველი და იაპონელი გუნდების მეგობრული შეხვედრის გამართვა სასურველი იქნებოდა.

საქართველოსა და იაპონიას შორის 25 წელია არსებობს დიპლომატიური ურთიერთობები.

 

 

მსგავსი თემები