„თქვენ არ ხართ მაფიოზური ინსტიტუტი“ – წულუკიანი-ლომჯარიას დაპირისპირება ციხის „მაყურებლების“ გამო

საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, სახალხო დამცველისა და იუსტიციის მინისტრის სიტყვიერი დაპირისპირების გამო, მათ მიკროფონები გამოურთეს და შენიშვნა მისცეს. იუსტიციის მინისტრის გაღიზიანება სახალხო დამცველის მხრიდან ციხეებში ე.წ. მაყურებლების არსებობაზე საუბარმა გამოიწვია.

„ციხეში „მაყურებლები“ თავისუფლად გადაადგილდებიან, შედიან საკნებში, აგროვებენ „საერთოს“, უგვარებენ პრობლემებს ადმინისტრაციას…ევროპის წამების პრევენციის კომიტეტმა (cpt) შარშანდელ ანგარიშში ძალიან ხმამაღლა დაადასტურა, რომ ერთ-ერთ პენიტენციურ დაწესებულებაში ნამდვილად არსებობენ ე.წ. მაყურებლები, ეს ეხებოდა მე- 15 დაწესებულებას. თუმცა, ჩვენ შევარჩიეთ საქართველოში ყველაზე დიდი ნახევრად ღია ტიპის და დახურული დაწესებულებები, საერთო ჯამში 4 ყველაზე დიდი დაწესებულებაა. ჩვენმა მონიტორინგის ჯგუფმა დაადასტურა, რომ ე.წ. მაყურებლები არსებობენ როგორც ნახევრად ღია ტიპის, ასევე დახურულ დაწესებულებებში… გვახსოვს 2013, 2014, 2015 წლებში, როცა სწორედ კრიმინალური სუბკულტურის მატარებელი ე.წ. მაყურებლების მხრიდან მოხდა ფიზიკური ანგარიშსწორება და 3 პატიმრის გარდაცვალება სწორედ ასეთი გარჩევების დროს, ამიტომ ის ე.წ. წესრიგი ძალიან მყიფეა დღეს პენიტენციალურ დაწესებულებებში, ძირითადად, ასეთი ტიპის ურთიერთობებს გულისხმობს და ნებისმიერ დროს ადმინისტრაციამ შეიძლება კონტროლი დაკარგოს სიტუაციაზე“, – განაცხადა ლომჯარიამ“ – განაცხადა სახალხო დამცველმა პარლამენტში.

აღნიშნულ განცხადებას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გამოეხმაურა და სახალხო დამცველს მოუწოდა, გაამართლოს ის, რასაც ემსახურება.

„თქვენი მთავარი მეთოდი ვერ იქნება „ომეერტა“. თქვენ არ ხართ მაფიოზური ინსტიტუტი, თქვენ ხართ სახალხო დამცველი. შესაბამისად, თუ კი დაგიბარებენ პროკურატურაში, თქვენ და თქვენს თანამშრომლებს ვინც ეს ანგარიში წარადგინა, იმედს ვიტოვებ, რომ დაასახელებთ ე.წ მაყურებელს, პატიმარს ვინ ვის მოსთხოვა…
დაასახელეთ ვინ არის ამ ხალხთან შეკრული და მიმართეთ პროკურატურას“ – უპასუხა მინისტრმა სახალხო დამცველს.

ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარე იძულებული გახდა, სახალხო დამცველისა და მინისტრისთვის მიკროფონები გამოერთო.  

მსგავსი თემები