თუ ცოფის გადაცემა მოხდა, 100% ლეტალურია – რეკომენდაციები ვირუსის თავიდან ასაცილებლად

„პრევენციული ღონისძიებების შედეგად, წლიდან წლამდე, ცოფის ვირუსი იკლებს, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ყურადღება უნდა მოვადუნოთ და შინაური ცხოველები არ ავცრათ“ – აცხადებს  თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსი ვახტანგ ლომჯარია, რომელმაც ცოფის ვირუსის საფრთხეებსა და აუცილებელ რეკომენდაციებზე „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა.

როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, ბევრი მეპატრონე ძაღლის აცრას თავს იმ მიზეზით არიდებს, რომ თითქოს, აცრა ცხოველის ზრდას ხელს უშლის, რაც  ტყუილია.

„რისკები ყოველდღიურია, თუ შინაურ ბინადარს სათანადო ყურადღებას არ მივაქცევთ და აცრაზე ვიტყვით უარს. ცოფის გადაცემის 3 გზა არსებობს – დადორბლა, დაკაწვრა და დაკბენა. ცოფის ვაქცინა ცხოველს არანაირი ცუდ თვისებებს არ უჩენს და არც მის ზრდას აფერხებს.  რაც შეეხება ცოფის ვირუსის სიმპტომებს, ეს არის არაადეკვატური აგრესია, წყლის ან ჰაერის შიში. ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაშიც კი უნდა მივმართოთ სპეციალისტს“ – განაცხადა ვახტანგ ლომჯარიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, ცოფიანი ცხოველების მსხვერპლთა 40% მცირეწლოვანი ბავშვები არიან, ამიტომ, მოსახლეობას კიდევ  ერთხელ მიმართა,  პრევენციულ ღონისძიებებს მიმართონ.

„ნუ ვიტყვით, რომ ჩვენს შინაურ ცხოველს არაფერი დაემართება და აცრა არ არის საჭირო. ასევე, უნდა ვიცოდეთ, ეზოს ან ირგვლივ მყოფი მიუსაფარი ძაღლის ვაქცინის ვადა, რათა არ იყო ცოფის გადადების რისკი. თუ ცოფის გადაცემა მოხდა, 100% ლეტალურია. ცხოველის ერთჯერადი აცრა საკმარისი არ არის და ეს ყოველ წელს უნდა მოხდეს. თუ არ დავიცავთ კანონს და არ მივმართავთ, პრევენციას, შესაძლოა, შემთხვევა ლეტალურად დასრულდეს. ცოფით სიკვდილი არის ყველაზე კოშმარული და როგორც ადამიანი, ისე ცხოველი დიდი ტანჯვითა და ტკივილით კვდება. სიტყვები: „მე არ დამემართება,“ ამ შემთხვევაში არ მოქმედებს“, – განაცხადა ვახტანგ ლომჯარიამ „მედიაცენტრ მთავარში”.

https://mcm.ge/თბილისში-დაფიქსირებული-ც/

მსგავსი თემები