„თუ ჩემი პოზიცია არ იქნება გაზიარებული, სხვა შეასრულებს ჩემს უფლება-მოვალეობას“ – თეა წულუკიანი

​დაახლოებით 5 დღის წინ გაჩენილმა თემამ, შესაძლოა იუსტიციის მინისტრს დაკავებული სავარძელი დაათმობინოს. ყოველ შემთხვევაში, თავად მინისტრი აცხადებს, რომ საკითხი, რის გამოც ის იძულებულია აღნიშნულ სვლაზე იფიქროს, დაახლოებით 5 დღეა, გაჩნდა. კონკრეტულად რა არის ის პრინციპული თემა, რომლის არგაზიარების შემთხვევაში, თეა წულუკიანი თანამდებობას დატოვებს და მინისტრის პოზიციას არ გამოეტირება, არ აკონკრეტებს. ვერსია არაერთია, თუმცა კონკრეტიკა არც ერთი.

„არის 4-5 დღის წინ გაჩენილი თემა, რომელიც ეხება ჩემი სამინისტროს უფლებამოსილების ფარგლებში გადასაწყვეტ საკითხს. ამ თემაზე მიმდინარეობს დისკუსია, მე მაქვს ჩემი ძალიან მყარი პოზიცია, რომელიც არც რომელიმე რეფორმას და არც პარლამენტში მიმდინარე რომელიმე პროცესს ეხება. ეს არის საკითხი, რომელიც მე ვთვლი, რომ არის ძალიან მასშტაბური და მნიშვნელოვანი. თუ ვნახე, რომ ჩემი პოზიცია არ იქნება გაზიარებული და ფასეულობათა შორის წინააღმდეგობა იქნება, რა თქმა უნდა, არ ვიფიქრებ არც ერთ წუთს და გვერდზე გავდგები…“ – ასეთია იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის პირველი გზავნილი.

მინისტრი მთავრობაში შესაძლო ცვლილებებს ჩვეულებრივ, ჯანსაღ პროცესს უწოდებს და ამბობს, რომ ამაში ტრაგიკული არაფერია.

„ჩემი წასვლის პროცესი დაწყებული არ არის, მიმდინარეობს დისკუსია იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა ჩემი პოზიცია სწორი“, – აღნიშნა მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მინისტრის აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით „მედიაცენტრი მთავარი“ თეა წულუკიანის ყოფილ პირველ მოადგილეს და მეგობარს – ალექსანდრე ბარამიძეს ესაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ის მთავარი საკითხი, მისთვისაც უცნობია, რის გამოც შესაძლოა მინისტრმა მინისტრობა დატოვოს.

„არავითარი ინფორმაცია არ მაქვს, რის გამო გააკეთა თეამ ეს განცხადებს. მე მასთან კონტაქტი არ მქონია. არ შემიძლია, ეს საკითხი ჩემს ვარაუდებზე ავაგო. მარჩიელობა ნამდვილად არ მინდა“ – აღნიშნა ალექსანდრე ბარამიძემ “მედიაცენტრ მთავართან“.

წულუკიანის თემაზე შეფასება ეკა ბესელიამაც გააკეთა და აღნიშნა, რომ თეა წულუკიანი გამოცდილი და ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მთავრობის წევრია. შესაბამისად, მისი განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, პირადად დაინახოს ის პროცესი, რამაც შიდა უკმაყოფილება და უთანხმოება გამოიწვია.

მსგავსი თემები