“თუ სისტემა არ შეიცვლება, კოლაფსი მოხდება”- ალექსანდრე კობაიძე

“დღეს, ქართული მართლმსაჯულება ბეწვის ხიდზე გადის. ეს ტესტი უნდა ჩააბაროს მან უმაღლეს დონზე, წინააღდეგ შემთხვევაში, ფაქტიურად, ქართველ ხალხს არ ეყოლება მართლმსაჯულება,”- აღნიშნული განცხადება, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ალექსანდრე კობაიძემ “მედიაცენტრ მთავარში” გააკეთა. 

როგორც ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, ქართული მართლმსაჯულება მძიმე მდგომარეობაშია. მისი თქმით, სასამართლოს ყველა ინსტანცია, თბილისში თუ რეგიონებში, ხელისუფლების მიერ კონტროლდება. 

“დღესდღეობით სასამართლოებში მძიმე მდგომარეობაა. არ არსებობს არცერთი ინსტანცია, თუნდაც რეგიონებში, რომ არ იყოს კონტროლირებადი და არ ხდებოდეს შერჩევითი სამართლის გატარება. სასამართლო სისტემა კონტროლდება ხელისუფლების მიერ და ფაქტიურად გამოდის, რომ თუ ეს ადამიანები აღმოჩნდებიან ისეთ მწვერვალზე, როგორიც არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა, ეს იქნება მესიჯი, რომ საზოგადოების აზრი ხელისუფლებას არ აინტერესებს. აუცილებელია, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გონივრული ნაბიჯი გადადგას და სისტემაში ის ადამიანები შეუშვას, რომლებიც პროფესიონალები არიან. მოხდეს ამ სისტემის გაწმენდა ისეთი ოდიოზური პიროვნებებისსაგან როგორებიც არიან მურუსიძე და ძმანნი მისი. არავის უნდა დარჩეს განცდა, რომ სასამართლო მართვადი და კონტროლირებადია,”- განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ “მედიაცენტრ მთავარში”.

ალექსანდრე კობაიძეს შეფასებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნის შემთხვევაში, კეთილსინდისიერი და ობიექტური  იქნება. 

“ხელები შორს სასამართლოსგან, ეს არის ჩემი მთავარი დევიზი. აუცილებელია, ქირურგიული ჩარევა და ეს ქირურგიული ჩარევა უნდა მოხდეს იმ კანდიდატებით, როგორებიც სისტემის არაწევრი ადამიანები არიან. ქართული მართლმსაჯულება უნდა გადავარჩინოთ. ჩემი მოტივაცია არის, რომ ვიყო კეთილსინდისიერი და ობიექტური მოსამართლე, მითითებებს არ დავემორჩილო და საკუთარ თავთან ვიყო მართალი. როცა, საკუთარ თავთან პირნათელი ვიქნები, ეს იმას ნიშნავს, რომ ხალხთანაც პირნათელი ვარ. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ვიბრძოლო და გავხდე ღირსეული მოსამართლე,”- განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ “მედიაცენტრ მთავარში”.

შეგახსენებთ, რომ 144 კაციანი სიიდან, იუსტიციის საბჭომ, კანდიდატები უნდა გაცხრილოს და 50 ადამიანი დატოვოს. პირველადი გაცხრილვა საბჭოს სურვილზეა დამოკიდებული. რაც შეეხება 50-დან 20 კაცის შერჩევას, ეს უკვე საჯაროდ ხდება და თოთოეულ წევრზე, საბჭოს დასაბუთება მოუწევთ, რატომ შეარჩიეს კონკრეტული კანდიდატი და რატომ უთხრეს სხვას უარი. ამის შემდეგ კი პროცესები პარლამენტში გადადის. პარლამენტმა, წარდგენილი სიიდან, მომავალი მოსამართლეები კენჭისყრით უნდა დაამტკიცოს.

ალექსანდრე კობაიძის სრული ვიდეო ჩანაწერის სანახავად მიჰყევით ბმულს:
https://mcm.ge/

მსგავსი თემები